ახალი ამბები
სენატორი ჯინ შაჰინი: დიდი იმედგაცრუებაა ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემა
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი იმედგაცრუებას გამოხატავს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უფლებები ჩინურ კომპანიას გადასცეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ წერს.

როგორც მან აღნიშნა, სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველომ დასავლურ ფირმებთან პორტის განვითარების კონტრაქტი გააუქმა.

„სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში წამყვანი წევრი, სენატორი შაჰინი იმედგაცრუებას გამოთქვამს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების უფლებები ჩინურ კომპანიას გადასცეს. საქართველომ დასავლურ ფირმებთან პორტის კონტრაქტი გააუქმა, სენატორი შაჰინი ამბობს: "ბოლო ცნობების თანახმად, „ქართული ოცნება“ აპირებს ეს პროექტი, რომელიც შავ ზღვაზე მდებარეობს, ჩინურ კომპანიას გადასცეს. ეს საკითხი არის ის, რაზეც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიშმა და მე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა საქართველო წინ წაგვეწია და ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვების ხილვა“, -აცხადებს სენატორი.

იქამდე, 3 აპრილს, შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიის“ წევრებმა, შვიდმა კონგრესმენმა, როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიიდან, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. სენატორი შაჰინის მსგავსად, მათაც შეშფოთება გამოთქვეს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი „ჩინეთის კომუნისტურის პარტიის მიერ მხარდაჭერილ, აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კონგლომერატს გადასცეს“.

„რუსეთთან კოლაბორაციით ჩინეთის მზარდი ჩართულობა შავ ზღვაში რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობასა და კომერციას. ამ გარიგების წინ წასვლით “ქართული ოცნება” უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს თავისი ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიას და შესაძლებლობას, განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური მომავალი.

მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და შეაფასოს წინადადებები თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის სამართლიანად და გამჭვირვალედ გასავითარებლად“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინური კონსორციუმის (China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) სავარაუდო გამარჯვებულად გამოვლენას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გასული წლის ივნისში გამოეხმაურნენ.

მათი განმარტებით, შერჩეული ჩინური კომპანია ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. ამასთან, როგორც სახდეპში თქვეს, მას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც. კერძოდ, 2009 წელს მსოფლიო ბანკმა CCCG–ის დაფინანსებით გზებისა და ხიდების მშენებლობის პროექტები თაღლითობის გამოვლენის გამო დაბლოკა.

ცნობისთვის, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა 150 მლნ ლარით დაფინანსდება.

პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა წარმატებით გაიარეს.

თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.


ამავე თემაზე: 

ჩინურ კომპანიას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორია - აშშ-ის სახდეპი ანაკლიის პროექტზე

ანაკლიის პორტის მშენებლობას 2024 წლის გაზაფხულზე დავიწყებთ - პრემიერი

შესაძლოა, ჩინური კონსორციუმი გამარჯვებულად არც გამოცხადდეს - მინისტრი ანაკლიის პორტის პროექტზე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთმა არ უნდა ააშენოს - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური პროექტი - ჩინეთის ელჩი

ჩინეთთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა - აშშ-ის სახდეპი

ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩართვის პრობლემა ჩინურ კომპანიებს არ ექნებათ - ჩინეთის ელჩი

ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა დანის ჩარტყმაა ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში - პრეზიდენტი

შეშფოთებულნი ვართ „ოცნების“ გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშშ-ს მიერ სანქცირებულ, ჩინურ კონგლომერატს გადასცეს - ჰელსინკის კომისია
Print