საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კონსორციუმის (China Communications Construction Company Limited-ი (CCCC)) გამარჯვებას გამოეხმაურა. მან "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერებთან
შეხვედრისას განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, მთელი ყურადღება "რუსულ კანონზე" იყო, რის გამოც, მისი თქმით, ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებებს სათანადო ყურადღება ვერ მიექცა.
„ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით, ასევე, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ინფორმაციისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის
ცნობით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. სამინისტრომ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმისგან მიიღო.
კომპანიის სანქცირებასთან დაკავშირებით, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ China Communications Construction Company Limited-ს აშშ-ის ორი უწყებისგან გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა, მაგრამ როგორც ის ამბობს, კონსორციუმს არ ეზღუდება ფინანსური გადარიცხვა, ტრანზაქცია და პროექტში მონაწილეობა.
იქამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადებით, შერჩეული ჩინური კომპანია ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კონსორციუმს აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით კი, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მალე დაიწყება, რომელშიც პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ დოლარია და პროექტის წარმატებით დასრულება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს.
შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" მიერ ანაკლიის პორტის საზღვაო პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა 12 მაისს
დასრულდა.ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის დეკემბერში
მიიღო.პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა წარმატებით
გაიარეს.თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა
აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის
50 მლნ ლარია გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები