დღეს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს მერაბ კოსტავას 85 წელი შეუსრულდებოდა.
ქართველი საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი, უფლებადამცველი, მუსიკათმცოდნე და პოეტი 1939 წელს, თბილისში დაიბადა.
ის არაერთი დისიდენტური ორგანიზაციის შექმნასა და ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობდა. 1956 წელს თანამოაზრეებთან ერთად, დააარსა სსრკ-ს რეჟიმისთვის არალეგალური პოლიტიკური ორგანიზაცია "გორგასლიანი", 1974 წელს კი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრი გახდა.
კოსტავა სსრკ-ს წინააღმდეგ იატაკქვეშა პოლიტიკური აქტივობებისთვის რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1987 წელს ის სამშობლოში დაბრუნდა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა განაგრძო.
1989 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან კოსტავა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. იგი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.
მასალის გამოყენების პირობები