24 წლის ზუგდიდელი ელენე ნარმანია Erasmus + - ის გაცვლითი პროგრამით პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში, Minho-ს უნივერსიტეტში, ტრანსგლობალური ბიზნეს სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს. მისი თქმით, ევროპულ ქვეყანაში სწავლის მოტივაცია თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებასთან ერთად, პიროვნული განვითარებაც იყო.

„კონკრეტული მიმართულება ჩემი ინტერესის ობიექტის მიხედვით შევარჩიე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის სკოლაში სწავლისას, კარგად დავინახე, თუ რამხელა როლი აქვს ევროკავშირს საქართველოს, განსაკუთრებით კი ქართული კანონმდებლობის განვითარებაში. ქვეყანამ დიდი ხნის წინ აიღო გეზი ევროპისკენ, მიზნად ევროკავშირში ინტეგრაცია დაისახა, რაც მოგვიანებით კონსტიტუციაშიც გაიწერა. შესაბამისად, როგორც ქვეყნის, ისე ჩემი მისწრაფებაც ევროკავშირის წევრობაა და იმ კეთილდღეობის გაზიარება, რაც მას თან ახლავს. რაც გარკვეულწილად უკვე გამოვცადე, როგორც სტუდენტმა“, - ამბობს რესპონდენტი რადიო
„ათინათთან“.
ელენე აღნიშნავს, რომ ახალი გარემოს, კულტურული და ენობრივი ბარიერის მიუხედავად, განსხვავებული მოწყობის საზოგადოებაში ადაპტაცია არ გასჭირვებია. ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში და ინტეგრაციაში მას ადგილობრივები დაეხმარნენ.
”ევროპაში განსხვავებულობა საფრთხედ არ აღიქმება, ისეთი შეუძლიათ მიგიღონ, როგორიც ხარ. ამას ერთი მიზეზი აქვს, ადამიანი და ადამიანის უფლებები აქ მთავარი ღირებულებაა. შესაბამისად, უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, ჩემი გამოცდილებები მრავალფეროვანი იყო, მაგრამ არასდროს უსიამოვნო ან რთული. გარემოში, სადაც ყველა სიამოვნებით გმასპინძლობს და გულღიად გხვდება, სხვანაირად წარმოუდგენელია“, - დასძენს ის.

გაცვლითი პროგრამის მონაწილე გვიზიარებს, რომ Minho-ს უნივერსიტეტს განსაკუთრებულობას სძენს ინტერნაციონალური გარემო, სადაც ლექტორები და სტუდენტები განიხილავენ სამართლის სისტემებს, რეალურ მაგალითებს, აანალიზებენ უახლოეს მოვლენებს, რომლებიც ყოველდღე ცვლიან ბიზნეს სამართალს და მის მიმართ დამოკიდებულებას.
„აქ ლექციების ცენტრში სტუდენტები არიან, ლექტორები ყველანაირად ცდილობენ რომ თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკულად წარმოგვისახონ და გადმოგვცენ ის, თუ როგორ ფორმირდებოდა და იცვლებოდა სამართლის ეს დარგი ევროპაში. ასევე ცდიდნენ ჩვენს კრეატიულობას, პრობლემის გადაჭრის უნარებს და ჩვენც შესაბამისად, თავს მნიშვნელოვნად ვგრძნობდით, ყოველ მომდევნო ლექციაზე კი მეტად თავდაჯერებულები და ცნობისმოყვარეები ვიყავით. რაც ძალიან გვაკლია საქართველოში, თითქოს ისევ ისტორიაში ვცხოვრობთ, იმის მაგივრად, რომ თავად შევქმნათ იგი. პორტუგალიაც საკმაოდ პატარა ქვეყანაა, ისევე როგორც საქართველო, თუმცა ისინი ახერხებენ რომ იყვნენ ინოვაციურები და შემოქმედებითები. ვფიქრობ ეს მოტივაცია დაკარგულია საქართველოში, ვინაიდან, როგორც სტუდენტებს, ისე ლექტორებს, უამრავი პრობლემის გადალახვა უწევთ ყოველდღიურად”.

ევროპული განათლების სისტემის მახასიათებლებთან დაკავშირებით, ელენე ამბობს, რომ ის მთლიანად მორგებულია სტუდენტებისა და ლექტორების საჭიროებებს, რაც, მისი თქმით, გულისხმობს უფასო ტრანსპორტს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, კარგად აღჭურვილ აუდიტორიებს, ბიბლიოთეკებს, სპორტულ დარბაზებს, რაც ეფექტიანი სწავლისთვის აუცილებელია.
რესპონდენტის განმარტებით, პორტუგალიელ ხალხს უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მიმართ თანადგომა და მზრუნველობა ახასიათებს. ელენე კონკრეტულ ისტორიას გვიზიარებს, რომელშიც, როგორც ამბობს, კარგად ჩანს, რამდენად გამოხატავენ ადგილობრივები დასახმარებლად მზაობას.

„მეორე სემესტრში სწავლის გაგრძელება შემომთავაზეს, პროგრამა მზად იყო, სწავლის ხარჯები დაეფარა ჩემთვის. კურსის კოორდინატორმა მოიძია ერასმუსის სხვა პროგრამა, რომელიც გამონაკლისს უშვებდა ჩემთვის და მეორე სემესტრში სწავლის გარდა, საცხოვრებლისა და სხვა აუცილებელი ხარჯების დაფარვას მთავაზობდა, რაც საკმაოდ რთული პროცესი იყო. ამ ადამიანებისგან ძალიან დიდი თანადგომა ვიგრძენი და დღემდე ვგრძნობ“, - აღნიშნავს ელენე.
სამართლის სტუდენტმა ასევე გვითხრა, რომ ევროპული ქვეყნები კანონის უზენაესობით, დემოკრატიული ინსტიტუტების გამართულად მუშაობითა და ადამიანის უფლებების პატივისცემით გამოირჩევიან. სხვადასხვა პროგრამით მნიშვნელოვან როლს ასრულებენ განათლების, ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარებაში, ასევე, პიროვნულ განვითარებაში. მაგალითად ასახელებს საქართველოს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად, უმაღლესი განათლება მიიღონ ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.

„სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სერიოზული კრიზისია. ეს კრიზისი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა ვითარებას, არამედ საერთაშორისო პროგრამებსა და პარტნიორობებსაც ემუქრება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის მონაწილეებმა, სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა განვამტკიცოთ კავშირი ევროპასთან პერსონალური მცირე წვლილის შეტანით.
ევროპაში კარგი განათლების გარდა კიდევ უამრავი სიკეთეა. ბევრი რამ ვისწავლე სემესტრის განმავლობაში, თუნდაც იმ პატარა ჭეშმარიტებებზე რომელიც ასე ხშირად მესმის, მაგრამ აქამდე ვერ ვაფასებდი. მაგალითად აქ კარგად ესმით ის, რომ ძალა ერთობაშია და ის ხალხშია. საქართველოში მსგავსი ჭეშმარიტება კარგად რომ გვქონდეს გაცნობიერებული, ვიმოქმედებდით და არ შეგვეშინდებოდა წინააღმდეგობების. აქ პოლიტიკა და პოლიტიკოსები არიან სახელმწიფოს მსახურნი და არა მიუწვდომელი კერპები, რომელსაც თვალდახუჭული ენდობიან. აქ ყველას ხმა ისმის, ყველა სიტყვა ღირებულია“, - გვითხრა ელენემ.
XXსამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ის აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, აპირებს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარებას. ასევე, გეგმავს იურისტთა ასოციაციაში ან სახალხო დამცველის აპარატში მუშაობას. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარე პროცესების ფონზე, ახლა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს ქვეყნის წინაშე.
ეს სტატია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ [ავტორი] და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.
This article was produced with the financial support of the European Union and UNDP. Its contents are the sole responsibility of [AUTHOR] and do not necessarily reflect the views of the European Union and UNDP.
მასალის გამოყენების პირობები