შვედეთის განვითარების, თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ბენიამინ დუსას განცხადებით, შვედეთი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sweden
Herald-ი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, მცდელობები, ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას საშუალება არ მიეცეს, შეასრულოს თავისი დემოკრატიული როლი, მათ შორის შემზღუდავი კანონმდებლობით, კონფლიქტში მოდის ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
„საქართველოში განვითარებული მოვლენები უკვე გარკვეული პერიოდია ძალიან საგანგაშოა. ამას აძლიერებს ცნობები დარღვევებზე, რომლებიც გაავრცელეს არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებმა შაბათის საპარლამენტო კენჭისყრიდან...აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს შვედეთ-საქართველოს მთავრობის პირდაპირ თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან“, - განაცხადა დუსამ.
მისივე განმარტებით, ქვეყნის ევროკავშირთან კვლავ დაახლოების შემთხვევაში, შესაძლოა ურთიერთობები განახლდეს.
Sweden Herald-ი წერს, რომ საქართველოსთვის შვედეთის დახმარება წელიწადში 200 მილიონ კრონს შეადგენს. წელს, 25 მილიონი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას გამოეყო.
მასალის გამოყენების პირობები