ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა და ბენეფიციარებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ.
კერძოდ, აღნიშნულ პროგრამას „მედიკანას საერთაშორისო კლინიკა“, „ემსი ჰოსპიტალი“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ დაემატა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ პაციენტები შესაბამის მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში იღებენ.
„ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ: ესპანეთში, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“; ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“; თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“; „აჯიბადემის ჰოსპიტალში“; „ჰოსპიტალ მემორიალში“; „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო, საქართველოს, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები