დღეს, 28 დეკემბერს, საყოველთაო პროტესტის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა.
28 ნოემბერს, მას შემდეგ რაც "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს, ზუგდიდში გაბრაზებული მოქალაქეები პროტესტის ნიშნად საღამოს 7 საათზე სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით გაემართნენ აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის შემოსასვლელისკენ.
მასშტაბური პროტესტი დაიწყო ასევე თბილისსა და სხვა ქალაქებში.
ზუგდიდში, მომდევნო დღეებში საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ სტუდენტები და მოსწავლეები, ასევე მათი მასწავლებლები, სხვადასხვა თაობის ადამიანები,ოპოზიციური პარტიის წევრები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილი გაიფიცა. მათი თქმით, ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამ კურსისგან გადახვევა ქვეყნის ღალატია.
სხვადასხვა დღეს მოქალაქეები სამხარეო ადმინისტრაციის შენობიდან მსვლელობას აწყობდნენ და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილდებოდნენ.
ამასთან, პროტესტის ერთ-ერთი ლოკაცია გახდა ზუგდიდის მერიის შენობა, სადაც აქციის მონაწილეები პერმანენტულად იკრიბებოდნენ სამუშაო საათებში. როგორც მათ თქვეს, აუცილებელია საჯარო მოხელეების პარტიული გავლენებისგან გათავისუფლება.
რადიო
"ათინათი" გთავაზობთ პროტესტის ერთი თვის ამსახველ ფოტორეპორტაჟს:
მასალის გამოყენების პირობები