ტურისტული სეზონი ანაკლიასა და განმუხურში (ფოტო/ვიდეო)
12:43 / 02.08.2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის მზარდი ტურისტული პოტენციალისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი საზღვაო სეზონია. მრავალფეროვანი ლანდშაფტი რეგიონს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. შესაბამისად, ზაფხულში
ანაკლიისა და განმუხურის ზღვის სანაპიროებს, როგორც წესი, ბევრი ვიზიტორი სტუმრობს.
რადიო "ათინათი" დაინტერესდა რამდენად აქტიურია 2024 წელს ზღვის სეზონი, რა არის მთავარი გამოწვევა როგორც ადგილობრივი ბიზნესისთვის, ასევე დამსვენებლებისთვის და კურორტის განვითარების კუთხით, რა რეკომენდაციები აქვთ ადგილზე მყოფებს. პასუხების მისაღებად, ჩვენ ანაკლიისა და განმუხურის სანაპიროებს ვეწვიეთ.
ანაკლიაში, სასტუმრო "White House"-ის მენეჯერი მარინე თოდუა გვეუბნება, რომ უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს, ყველაზე მეტი ვიზიტორი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან.
"ჩემი სასტუმრო 30 დამსვენებელზეა გათვლილი. ამ პერიოდში სულ დატვირთულია, უფრო პრობლემური ივნისის თვეა. ჩვენთან ძირითადი სეზონი თვე ნახევარი გრძელდება. ამჟამად, ჩემს სასტუმროში ყველა ადგილობრივია, უცხოელების რაოდენობა მწირია. არიან, თითქმის, ყველა კუთხიდან: კახეთიდან, თბილისიდან, ქართლიდან, ქუთაისიდან აჭარიდან. რაც შეეხება სეზონს, ის 15 ივლისიდან აქტუალურია და გრძელდება, დაახლოებით, 5 სექტემბრის ჩათვლით. ეს დროის ძალიან პატარა მონაკვეთია და ხარჯები ცოტა მეტია, სამი თვე მაინც რომ იყოს კარგი იქნება", - ამბობს რესპონდენტი.
ის ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთ გასართობ სივრცეზე. ე.წ კუნძულზე, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება, რაც მისი თქმით, სოფლისა და ადგილობრივი ბიზნესის მაცოცხლებელი ძალაა.
" აქ არაჩვეულებრივი გარემოა, ნაკლები ტენიანობაა, კლიმატიც კარგია, დასვენებისთვის ყველანაირი ბუნებრივი პირობაა შექმნილი, ლამაზი, მშვიდი და წყნარი ადგილია. ეს დამსვენებლებს მოსწონთ, მაგრამ, ალბათ, უფრო ახალგაზრდებისთვის მეტი გასართობი ადგილისა და ატრაქციონების დამატება იქნება საჭირო, ასევე, მეტი პიარი და რეკლამა სჭირდება ანაკლიას. ზოგმა ანაკლია არც იცის სად მდებარეობს, გვწერენ ხოლმე, თუ სად არის ანაკლია", - გვეუბნება თოდუა.
ის ასევე დასძენს, რომ რაიონისთვის მნიშვნელოვანია მეტი სასტუმროს, კაფე-ბარისა და ატრაქციონის დამატება. ამასთან, ის კურორტის პოტენციალის განვითარებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ხედავს.
ჩვენი მეორე რესპონდენტი დამსვენებელია. ის ანაკლიას პირველად ესტუმრა ახალი ტურისტული გამოცდილების მისაღებად და როგორც აღნიშნავს, ჰავით, კლიმატით, ზღვით და სანაპიროთი კმაყოფილია.
"სეზონი ამინდების კუთხით იდეალურია, ერთადერთი ინფრასტრუქტურის ნაწილში კი ვისურვებდით, მის გაუმჯობესებას, სანაპიროზე ბუნგალოების არსებობას იმისთვის, რომ შუა დღეს ახვიდე, დაისვენო და გაგრილდე, სურვილისამებრ გადანაწილდეს, ვისაც უნდა ჩრდილში იქნება, ვისაც სანაპიროზე. ასევე, განმუხურში ვიყავით, ხიდზე გადავედით. ხიდი და კონცეფცია არაჩვეულებრივია და ძალიან მოგვეწონა, მაგრამ ძალიან მიტოვებულია და უსაფრთხო არ არის იქ მოძრაობა, რადგან დაზიანებულია", - გვიზიარებს თამო ქარჩავა.
მისივე განმარტებით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, სასურველია ბავშვებისთვის მეტი გასართობი სივრცის დამატება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობაში სანაპიროების პოპულარიზაციას.
"სიამოვნებით დაველოდებით ინფრასტრუქტურის კიდევ მეტად გამართვას, რადგან არა მარტო ზღვის კუთხით, ზოგადად, სამოგზაუროდაც საქართველოს ეს მხარე არაჩვეულებრივია, ძალიან ბევრი საინტერესო ადგილია. დადებით რეკომენდაციას მივცემდი აქ დასვენების მსურველებს", - გვეუბნება საუბრის დასრულებისას რესპონდენტი.
განტვირთვისთვის განსხვავებული სივრცეა აკვაპარკ "ანაკლიაში", სადაც ყველა ასაკის ვიზიტორს ეპატიჟებიან. მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო თურქია ამბობს, რომ შარშანდელთან შედარებით, დამსვენებლების რაოდენობა გაზრდილია. ამის ერთ-ერთ მიზეზად ზღვის უსაფრთხოებას მიმართ გაზრდილ სანდოობას ასახელებს.
"შარშან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ზღვა უსაფრთხო არ იყო და სავარაუდოდ, ამან განაპირობა 2023 წელს პასიურობა. სეზონის გააქტიურების კუთხით, ფესტივალია ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ამას ხელს უწყობს. ასეთ დროს ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე, ისინი ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან. თუმცა, ვერ გამოვყოფ, თუ რომელი სახელმწიფოდან არის ყველაზე მეტი ტურისტი. გვყავდა ინგლისიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან, ასევე, საქართველოს მოქალაქეები, მიმდებარე რეგიონებიდან, განსაკუთრებით კი იმერეთიდან", - აღნიშნა მან.
რესპონდენტის განმარტებით, აკვაპარკის მასშტაბები, მისი აუზები და ჯაკუზები სტუმრებზე დადებით შთაბეჭდილებას ახდენს, ამას ემატება მეგრული სამზარეულოს გამორჩეული კერძები, რომლებიც დამსვენებლების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურების ერთ-ერთი მიზეზია.
ანაკლიასა და განმუხურში ზღვის სეზონი სექტემბრის დასაწყისის ჩათვლით გაგრძელდება. ეს ქალაქის ეკონომიკის განვითარებისთვის საუკეთესო დროა, რასაც ჩვენი რესპონდენტებიც ადასტურებენ. ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და კურორტის სტუმრები იმედოვნებენ, რომ ამ დროის განმავლობაში, ბევრი ფესტივალი გაიმართება, სამომავლოდ კი ინფრასტრუქტურული ხარვეზებიც გამოსწორდება.
,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები