ზუგდიდში ძლიერმა ქარმა ბოტანიკური ბაღი დააზიანა. მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, ვიზიტორებისთვის ის დაკეტილია.
სტიქიამ მრავალწლოვანი ხეები წააქცია, დააზიანა ინფრასტრუქტურის ნაწილიც, მათ შორის რამდენიმე სკამი და ელექტროენერგიის სადენები.
ბოტანიკური ბაღის დირექტორმა შალვა აგუმავამ რადიო
"ათინათს" უთხრა, რომ წაქცეულია 29 ხე, აქედან 12 კი ძირიანად ამოთხრილია.
მისი თქმით, ადგილზე შესაბამისი სამუშაოები საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს.
ტერიტორიის სავალი ნაწილი უკვე გაიწმინდა ტოტებისგან, შემდეგ ეტაპზე კი ხეების გატანისა და დასაწყობების პროცესი დაიწყება.
როგორც აგუმავა ამბობს, სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, ორი კვირა დასჭირდება.
ბაღში უნიკალური ჯიშის მცენარეები არ დაზიანებულა, გალიაში მყოფი ფარშევანგებიც არ დაშავებულან.
შეკითხვაზე, როდის შეძლებენ ვიზიტორები ტერიტორიაზე შესვლას, აგუმავა გვპასუხობს, რომ როგორც კი ქარი ჩადგება, დამთვალიერებლებისთვის ბაღი კვლავ გაიღება.
მასალის გამოყენების პირობები