აქტიურად გრძელდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი,
მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია გაეცნენ. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 5.9 მილიონი ლარია.
გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს დაახლოებით 24 თვე დასჭირდება.
პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი არსებული ამორტიზებული საავტომობილო გზა. გზის სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი, რომელზეც მოეწყობა გრუნტის საფარი და ლითონის თვალამრიდები. პროექტი ითვალისწინებს საპარკინგე ადგილებისა და გადასახედების მოწყობასაც.
ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ტობავარჩხილის ტბა მთელი საქართველოს მასშტაბით გამორჩეული ბუნების ძეგლია. დღეს მისი ხილვა მხოლოდ რთული მარშრუტითაა შესაძლებელი, ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობის შემდეგ კი ამ ტურისტული ობიექტით მეტი ქართველი თუ უცხოელ ვიზიტორი დაინტერესდება.
ასევე, პროექტი ჩხოროწყუს მოსახლეობას ტურისტული სერვისების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს. სამუშაოებში 30-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.
მასალის გამოყენების პირობები