დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
საინფორმაციო-სადისკუსიო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაზე პრეზენტაცია წარადგინეს თემაზე: ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი". მას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,მოწვეული იყო სურდო თარჯიმანი.
შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსია.
"ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არის პროგრამები, რომელიც მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, თუმცა დასახვეწია, ასევე იკვეთება ახალი
პროგრამნების დანერგვის საჭიროება", - აღნიშნავს რადიო "ათინათთან" ცენტრის ლიდერი და პროგრამის კოორდინატორი ნესტან ბეჭვაია.
მისივე თქმით, აუცილებელია შშმ პირების, ოჯახის წევრების ცნობიერების ამაღლება, რადგან როგორც ამბობს, მონაწილეებს მწირი ინფორმაცია აქვთ ბიუჯეტის განხილვისა და დაგეგმვისას საკუთარი უფლებების შესახებ.
მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ამ შეხვედრის მნიშვნელობას, დისკუსიისას გამოიკვეთა საჭიროებები.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესებასა და დანერგვას.
შედეგად, ზუგდიდში პროექტის ბენეფიციარები შეძლებენ ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმარებისა და განხილვის პროცესში აქტიური თანამონაწილეობითა და ჩართულობით დამოუკიდებლად დაიცვან საკუთარი ინტერესები და მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებები.
პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის, ჰერტის სკოლის, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საქართველოს დემოკრატიის ინიციატივის მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,უფლებების დაცვის მონიტორინგისა და ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში მიღებული გრანტით.
Netherlands Helsinki Committee
Hertie School
ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
მასალის გამოყენების პირობები