ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა ახალი სასწავლო წლისთვის
მზადება დაიწყეს.
მათმა ნაწილმა მცირე სარემონტო სამუშაოები განახორციელა, თუმცა
საკუთარი ბიუჯეტით ძირითადი პრობლემების მოგვარება ვერ მოახერხა.
სკოლების უმეტესობაში ჯერაც გადაუჭრელია სველი წერტილების, ცენტრალური
გათბობის, წყალმომარაგებისა და სპორტული დარბაზების მოწყობის
საკითხები.
სოფელ ოქტომბერში საპირფარეშო სკოლის შენობის გარეთ არის
განთავსებული. მოსწავლეებს ხელის დაბანა სახელდახელოდ გაკეთებული
წყლის ავზიდან უწევთ. დირექტორის თენგიზ ალმასიას თქმით, საპირფარეშოს
პრობლემა 21-ე საუკუნეში არ უნდა არსებობდეს, თუმცა სკოლის ბიუჯეტით
ეს საკითხი ვერ გვარდება.
„საპირფარეშოს სტანდარტიზაციის მოთხოვნით არაერთხელ მივმართეთ როგორც
განათლების სამინისტროს, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობას. პროექტი
გამზადებული მქონდა, გამგეობა მპირდებოდა დაფინანსებას, თუმცა ბოლო
წუთს უარი მითხრეს. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ბავშვებს ხელის
დასაბანი საშულება მაინც ჰქონდეთ. ასეთი საპირფარეშო ყოვლად
დაუშვებელია“, - თქვა თენგიზ ალმასიამ.
მიმდინარე წელს ოქტომბრის სკოლამ საკუთარი სახსრებით რამდენიმე
საკლასო ოთახი გაარემონტა. ამასთან, განსაკუთრებული საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის შესაბამისი გარემოც მოაწყო, თუმცა
სახსრების სიმცირის გამო, საპირფარეშოს და სპორტული დარბაზის მოწყობა
ვერ მოახერხდა.
იმავე პრობლემაზე საუბრობენ ზედაეწერისა და ახალკახათის სკოლის
დირექტორები.
„საპირფარეშო სკოლის დაარსებიდან მოყოლებული დღემდე არ გარემონტებულა,
ბავშვებს ხელის დაბანა ეზოშივე უწევთ. მივმართეთ სამინისტროს და
ველოდებით რეაგირებას“, - აღნიშნა ზედაეწერის სკოლის დირექტორმა ლია
არღვლიანმა.
ახალკახათის სკოლის დირექტორის დემურ კუკავას თქმით, საპირფარეშო,
რომელიც დაწესებულების შენობის გარეთაა განთავსებული, თანამედროვე
სტანდარტებს არ შეესაბამება, თუმცა ცდილობენ ჰიგიენის ელემენტარული
პირობები დაიცვან.
„სკოლის პრობლემების შესახებ საქმის კურსშია ყველა შესაბამისი უწყება,
ველოდებით რეაგირებას. ჩვენი ბიუჯეტით ამის მოწესრიგება რთულია“, -
ამბობს კუკავა.
ზემოაღნიშნული სკოლებისგან განსხვავებით, კოკის საჯარო სკოლის
მოსწავლეები უკვე ათ წელზე მეტია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი
საპირფარეშოთი სარგებლობენ. 2010 წელს ერთ-ერთი ამერიკული
ორგანიზაციის პროგრამის - „ბავშვი“ ფარგლებში, ზუგდიდის გამგეობასთან
თანამშრომლობით, სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დამონტაჟდა
ცენტრალური გათბობა, შენობაში მოეწყო სპორტული დარბაზი და თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისი ორი საპირფარეშო. ამ ეტაპზე გამგეობისა და
სკოლის ბიუჯეტით სასწავლო დაწესებულების ეზოში არსებული საპირფარეშოს
რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
„შენობაში ორი სველი წერტილი გვაქვს, ერთი სათადარიგოა, შუქის
ჩაქრობის შემთხვევაში ვსარგებლობთ. გარეთაც ვაწყობთ, ბავშვებისთვის
მოსახერხებელია ზაფხულში“, - თქვა ნანა ქვარაიამ.
ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბერს
განახლდება.
მასალის გამოყენების პირობები