დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სპეციალიზებული
საბაჟო ორგანო – აფხაზური საბაჟო საგუშაგო ამოქმედდა. ინფორმაცია ამის
შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა
განთავსებული.
აფხაზური საბაჟო საგუშაგო, რომელიც რუსეთის ფედერალურ საბაჟო
სამსახურს ექვემდებარება, აფხაზეთის ტერიტორიაზე და მრავალმხრივ
საავტომობილო გამშვებ პუნქტ “ადლერზე” იმოქმედებს.
„მისი კომპეტენციები შემოიფარგლება ცალკეული უფლებამოსილებებით
საქონლის შეზღუდული სახეობების მიმართ ოპერაციებისა და პროცედურების
განსახორციელებლად. ეს ჩამონათვალი რუსეთის ფედერალური საბაჟო
სამსახურის მიერ აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტთან შეთანხმებით
განისაზღვრება” - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
რუსეთის ფედერალურ საბაჟო სამსახურში განმარტავენ, რომ აფხაზური
საბაჟო საგუშაგო შეიქმნა “შეზღუდვებისა და აკრძალვების განხორციელების
უზრუნველსაყოფად იმ საქონლის მიმართ, რომელიც საბაჟო საზღვარზე
გადაადგილდება, ასევე რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობისა და
ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წესების დაცვისათვის, აფხაზეთის
საბაჟო ორგანოებთან ურთიერთქმედებისათვის სამართალდაცვით სფეროში
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების, მათი პრეკურსორების,
იარაღის, კულტურული ფასეულობების,რადიოაქტიური ნივთიერებების,
გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა და მცენარეთა რიგი სახეობებისა და
სხვა საქონლის უკანონო ბრუნვის აღსაკვეთად”.
მასალის გამოყენების პირობები