ზუგდიდის საკრებულოში დეპუტატებს შორის მცირე სიტყვიერი კამათი საბავშვო ბაღების თემას მოჰყვა. კერძოდ, დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“
ზურაბ გოგოძემ საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას კითხვით მიმართა, შეიძლებოდა თუ არა სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გამოყოფილი თანხებიდან ნაწილი ბაღებში არსებული პრობლემის მოგვარებას მოხმარდეს. მას საკრებულოს წევრებმა განუმარტეს, რომ აღნიშნული პროგრამიდან თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე უნდა დაიხარჯოს, რომელიც მოსახლეობამ უკვე დაასახელა.
აღნიშული პასუხი გააპროტესტა "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ბათლომე შელიამ. მისი თქმით, სოფლის ბაღებში ბავშვებს ელემენტარული პირობები არა აქვთ და სანამ ახალი შენობები აშენდება, მანამდე დახმარება სჭირდებათ.
ამ შენიშვნის გამო ოპოზიციონერ დეპუტატს საკრებულოს თავმჯდომარემ სთხოვა, დაესახელებინა ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს განახორციელეს. მამუკა წოწერიას დეპუტატმა უთხრა, რომ ამაზე პასუხი ბაღებში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არ იქნება.
მასალის გამოყენების პირობები