ზუგდიდს წლის ბოლომდე 25 ახალი ავტობუსი გადაეცემა - მუნიციპალური განვითარების ფონდი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია
შპს "Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S"- თან ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს. ამავე ცნობით, პროექტის ფარგლებში წლის ბოლომდე ზუგდიდს 25 ავტობუსი გადაცემა.
ავტობუსები საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში შეისყიდეს, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.
"ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ავტობუსების შესყიდვის კონტრაქტს ხელი მოეწერა. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შერჩეულ 6 ქალაქში საჯარო ტრანსპორტის განვითარებისთვის. პროექტი საშუალებას მისცემს ამ ქალაქების მოსახლეობას, რომ ისარგებლონ თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით. პროექტი ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების კომპონენტს, რომელიც მიმართულია სატრანსპორტო სექტორის განვითარებასა და გაძლიერებაზე ამ ქალაქებში. პროექტის ფარგლებში, გაძლიერდება ინკლუზიური ეკონომიკა, რადგან ის მოიცავს არა მხოლოდ თანაბარი გენდერული შესაძლებლობების ხელშეწყობას სატრანსპორტო კომპანიებში, არამედ რეგიონებში შესაბამისი ტრენინგ ცენტრების გახსნას საჯარო ტრანსპორტის სექტორში დამატებითი სპეციალისტების მოსამზადებლად”, - აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
მასალის გამოყენების პირობები