ორსანტიის სკოლა შესაძლოა დაიხუროს და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდეს
ზუგდიდის სოფელ ორსანტიაში, სადაც ლოკალური ეპიდაფეთქების კერაა, შესაძლოა სკოლა დაიხუროს. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით,
მან სოფელში არსებული ვითარების შესახებ განათლების სამინისტროს უკვე აცნობა და უწყებისგან რეკომენდაციებს ელოდება. მამუკა ბულიას თქმით, 235 მოსწავლიდან, სასწავლო დაწესებულებაში დღეს მხოლოდ 43 გამოცხადდა. მისივე ცნობით, გადაადგილების შეზღუდვის გამო, სკოლაში 16 თანამშრომელი, მათ შორის, პედაგოგები, დარაჯი და დამლაგებელი, ვერ მოვიდა.
„სოფელში ერთგვარი პანიკაა და როგორც ჩანს მშობლებმა ბავშვები არ გამოუშვეს. რესურსცენტრი სკოლის დისტანციურ რეჟიმზე მთლიანად გადაყვანის გადაწყვეტილებას ვერ იღებს, აქედან გამომდინარე მივმართეთ სამინისტროს და ველოდებით პასუხს“, - აღნიშნა მამუკა ბულიამ.
ინფორმაციისთვის, ერთ-ერთ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. სკოლაში ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ. სოფელში თავისუფალი გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე ვითარებას საპოლიციო ძალები აკონტროლებენ.
მასალის გამოყენების პირობები