"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ბათუმში მომხდარ შენობის ჩამონგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, პარტია 12
ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო - პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრემთ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. დღეს, თითოეული ქართველი გლოვობს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, "ქართული ოცნება" 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს. არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ სამაშველო ოპერაციაში ჩართული თითოეული ადამიანისა და სამსახურის განსაკუთრებულ თავდადებას. უდიდეს მადლობას ვუხდით მაშველებს თავგანწირვისთვის",- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
შენობის ჩამონგრევის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 3 ბავშვი. ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. უცნობია კიდევ რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი.
შსს-ს ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა.
მასალის გამოყენების პირობები