აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ ელექტროენერგიის მოხმარებაზე დაწესებული ტარიფები თითქმის ორჯერ გააძვირა, წერს გამოცემა "აიაირა". აღნიშნული ცვლილებებით, ფიზიკური პირები კვტ/სთ - ში 90 კაპიკს, იურიდიული
პირები - 1.40 რუბლს, ხოლო კრიპტოვალუტის მაინინგის მომხმარებლები - 3,60 რუბლს გადაიხდიან. ეს უკანასკნელი ტარიფი კრიპტოვალუტის მაინინგზე დაწესებული აკრძალვების გაუქმების შემდეგ ამოქმედდება, წერს მედია საშუალება.
უკვე წლებია, სოხუმი ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.
ზამთრის პერიოდში "აფხაზეთს ელექტროენერგია რუსეთიდან მიეწოდებოდა, რაც რესპუბლიკის ტერიტორიის დაახლოებით ორ მესამედს უზრუნველყოფს, დანარჩენს კი (გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონები) "ვარდნილ ჰესი-1" ამარაგებდა. 31 მარტს კომპანია "ჩერმორენერგომ" მოსახლეობა დააუწყა, რომ რუსეთიდან ელექტროენერგიის გადმოქაჩვა მაღალი ძაბვის ხაზის - "ფსოუს 220 " - ის მეშვეობით შეწყდა, ამჟამად ელექტროენერგია აფხაზეთს მხოლოდ 110 კვ გადამცემი ხაზით მიეწოდება.
ენგურჰესში დაგვიდასტურეს, რომ 1 აპრილიდან რუსეთიდან გამოირთო აფხაზეთის მომარაგება და ახლა დე ფაქტო რესპუბლიკას ისევ მთლიანად ენგურჰესი ამარაგებს. ენგურჰესის ტექნიკური დირექტორის გია ხუბუას თქმით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მზარდი, გადაუხდელი მოხმარება წლების დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომლის გადაჭრას აფხაზური მხარე, ჯერჯერობით, ვერ ახერხებს და ჰესსაც მძიმე ტვირთად აწვება.
"რთული სიტუაციაა და ვფარავთ, მაგრამ, გაჭირვებით, იმედი გვაქვს, რომ მალე მოიმატებს წყალი და დათბობასთან ერთად, მოხმარებაც ცოტას მოიკლებს... გათბობის საშუალებებიც ჯერ გამორთული არ არის, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მაინინგი ისევ არის, საკმაოდ დიდი რაოდენობით. გამრიცხველიანება არ ხდება, ფასების აწევა არ ხდება, ჯერჯერობით, რაიმე ხელშესახები, მოხმარების ზრდა მაინც რომ შეჩერდეს, არ ხდება პერმანენტულად იზრდება, ჯერჯერობით მუდმივად იზრდება", - გვითხრა ხუბუამ.
სოხუმის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიაზე ტარიფების გაორმაგების შესახებ დადგენილება 2022 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში.
ელექტროენერგიის ტარიფები აფხაზეთში 2012 წლის შემდეგ პირველად შეიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები