პარტია "ლელო საქართველოსთვის" ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები ქალაქის გენერალური გეგმის ხარვეზზე საუბრობენ,
რომელიც მათი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას ბიზნესის განვითარებასა და მცირე თუ საშუალო მშენებლობის დაწყებაში უშლის ხელს. ამის შესახებ მათ პარტიის ადგილობრივ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრეს. "ლელოს" წევრის, თენგო ქოჩუას განმარტებით, ზუგდიდის ტერიტორიის დიდი ნაწილი საცხოვრებელ ზონადაა განსაზღვრული, რის გამოც უმეტეს ქუჩებზე კერძო მესაკუთრეებმა მშენებლობა ნაკვეთის წინა საზღვრიდან მინიმუმ 7 მეტრის დისტანციის დაცვით უნდა განახორციელონ. პარტია აღნიშნული რეგულაციის კორექტირებას ითხოვს.
"წარმოიდგინეთ მაგალითისთვის წერეთლის ქუჩა, რომელიც საქალაქთაშორისო ქუჩაა. თუ კი მე ვფლობ სახლს ან დაკანონებულ ნაკვეთს აღნიშნულ ქუჩაზე და მსურს მაღაზიის, ან კომერციული ფართის აშენება, ამ დოკუმენტის მიხედვით მერია მეუბნება, რომ ჩემი საზღვრიდან, ანუ ჭიშკრიდან 7 მეტრის შეწევის შემდეგ დაიწყე მშენებლობაო. ეს ეხება ზუგდიდის თითქმის 70%", - თქვა თენგო ქოჩუამ.
მისივე თქმით დოკუმენტი ხელს უშლის როგორც ბიზნესის განვითარებას, ისე სამუშაო ადგილების შექმნასა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას. ამასთან, ქოჩუა მიიჩნევს, რომ დღეს ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნული საკითხისადმი არსებული მიდგომა შესაძლოა კორუფციის ნიშნებსაც შეიცავდეს.
"როცა მერიის შესაბამის სამსახურს ვკითხე ამის შესახებ, თითქოს ხუმრობით მიპასუხეს, ვიცითო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვსო, ააშენოსო უნებართვოდ ობიექტი, ჩვენ მივალთ დავაჯარიმებთ და დავუკანონებთო. ან გულგრილობაა ან კორუფციული სქემა. მოსახლეობას უბიძგებენ ფაქტობრივად, რომ ააშენონ უნებართვო ნაგებობები", - ამბობს "ლელოს" წარმომადგენელი.
ის საკითხით დაინტერესებისკენ ადგილობრივ საკრებულოს მოუწოდებს და შესაბამისი განცხადებით გიგა ფარულავას დღესვე მიმართავს.
მასალის გამოყენების პირობები