აფხაზმა ომბუდსმენმა ასიდა შაკრილმა ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებს და წევრებს წერილით მიმართა "აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის საელჩოს მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების
გადაწყეტილებასთან დაკავშირებით".
მიმართვაში ის იმედს გამოთქვამს, რომ "ევროპის საბჭო შეძლებს გამოვიდეს დეზინფორმაციის მანკიერი წრიდან ქართულ - აფხაზური კონფლიქტის ბუნებასა და ისტორიასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია აფხაზი ხალხის უსამართლო და განუსაზღვრელი დასჯა". წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, "ეს აუცილებლად აისახება ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე".
ევროკავშირში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება პასპორტების არაღიარების შესახებ არის პასუხი "რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე რუსული უცხოური პასპორტების გაცემის ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის". ეს ასევე იყო "რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილების შედეგი 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ".
განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარია არა მხოლოდ, მაგალითად, სოხუმსა და ცხინვალში გაცემულ დოკუმენტებზე, არამედ იმ დოკუმენტებზეც, რომლებიც გაცემულია "იქ მცხოვრებ პირებზე".
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა უდიდეს ნაწილს ადგილობრივი ე.წ. მოქალაქეობის გარდა, რუსეთის მოქალაქეობაც და შესაბამისად, რუსული პასპორტები აქვს. რუსეთი სამგზავრო დოკუმენტებს გასცემს ანექსირებულად გამოცხადებულ ყირიმში და დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.
საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ ევროკავშირში მიღებული გადაწყვეტილება 22 დეკემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სამგზავრო დოკუმენტებით ვიზის მიღება ან შენგენის ზონაში შესვლა აკრძალული იქნება.
მასალის გამოყენების პირობები