საქართველოს პრეზიდენტი აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას მინსკში ვიზიტს გამოეხმაურა და "ტვიტერზე" დაწერა რომ გმობს "ალექსანდრ ლუკაშენკას "ოფიციალურ შეხვედრას" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტთან".
სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთში ლუკაშენკას ჩასვლასაც გაიხსენა.
"ლუკაშენკას სოხუმში ვიზიტის შემდეგ, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უგულებელყოფა იყო, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
მინსკში ბელარუსის ავტორიტარ პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს და რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. საგარეო უწყება ბელარუსს მოუწოდებს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ბჟანიასთან შეხვედრაზე "შესანიშნავი ქვეყანა" უწოდა საქართველოს რეგიონს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს.
ლუკაშენკას განცხადებით, "რატომღაც, ქართველები, საქართველოს ხელმძღვანელობა მწვავედ რეაგირებენ" ბჟანიასთან მის შეხვედრებზე.
"ნუთუ, ადამიანებს შორის, ხალხებს შორის არ შეიძლება იყოს ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობები... იქნებ, ამ ურთიერთობებმა ხელი შეუწყოს მშვიდობას და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. ჩვენ ხომ თქვენთან ერთად არასდროს დაგვიგეგმავს არანაირი აქცია თბილისის წინააღმდეგ", - უთხრა ლუკაშენკამ ბჟანიას.
ბელარუსის რეჟიმს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში გასული წლის 28 სექტემბერს ჩავიდა, სადაც ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. შეხვედრაზე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ "მისი აფხაზეთში ჩასვლა განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდებოდა და რომ ბელარუსი და რუსეთი ათანხმებენ თავიანთ ქმედებებს". აფხაზმა ლიდერმა კი განაცხადა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის "აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრზე მეტყველებს და ამ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს".
საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ - მინისტრმა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადეს, რომ "მტკიცედ გმობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში", რაც მათი თქმით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი, ანატოლი ლისი.
მასალის გამოყენების პირობები