წუხელ პარალმენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ - დან მიმართა. მან
შეკრებილებს მხარდაჭერა აღუთქვა და განუცხადა, რომ არავის აქვს უფლება წაართვას მათ მომავალი.
"
ეს კანონი, რომელიც არავის არ სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით. ეს კანონი არის გასაუქმებელი. რა ფორმითაც გინდათ, არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში და ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის, რა ტიპის კანონი არის ეს. პირველივე დღიდან, მე ვთქვი, რომ ამ კანონს დავადებდი ვეტოს და დავადებ ვეტოს. არ მაინტერესებს მუხლობრივი მისი განხილვა.
მე მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირში, ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. დღეს, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ყველა ის, ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს კონსტიტუციას, ყველა გვაშორებს ევროპისგან.
მივმართავ ელჩებს უცხოეთში, ვინც საქართველოს წარმოადგენენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, აქ, ამერიკაში – ჩვენ რას ვიცავთ ან თქვენ რას წარმოადგენთ, თუ არა ამ ევროპულ მომავალს.
ჩვენ, ყველა ერთად, ახალგზარდები, ვინც იქ ხართ, მე აქ, როცა ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, ვამბობთ ერთსა და იმავეს, რომ არ გვინდა ის კანონი, რომელის აზრია, ჩამოგვაშოროს ევროპას. ჩვენ, ყველანი, ერთად ვართ დღეს, ხვალ ერთად ვიქნებით და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ თქვენ, რადგან ეს პირობა მე ჩემს თავს დავუდე დიდი ხნის წინ", – აღნიშნა პრეზიდენტმა, რომელიც ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 67-ე სესიის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.
"ხალხის ძალის" წარმომადგენელთა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 7 მარტს, 76 ხმით 13 - ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო. კანონი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და ოპოზიცია მოუწოდებდნენ საპარლემნტო უმრავლესობას უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის შეფერხებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა ამ განცხადებებს პროვოკაციულს უწოდებს და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები