ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქცია მოჰყვა გავრცელებულ ცნობას, რომ დე ფაქტო ხელისუფლება გეგმავს კერძო ინვესტორს მიჰყიდოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკი "ახალი ათონი".
"ეხო კავკაზას" თანახმად, 21 ნოემბერს, საღამოს, ქალაქ ახალი ათონის მცხოვრებთა ჯგუფმა ღობე გაარღვია და აგარაკის ტერიტორიაზე შეიჭრა.
ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აგარაკის ტერიტორიაზე შეჭრის გამომწვევ ინფორმაციას ჭორი უწოდა და განაცხადა, რომ "ახალი ათონის" გაყიდვა არ იგეგმება.
"აფხაზეთის ხელმძღვანელობის მიერ სახელმწიფო აგარაკის "ახალი ათონის" გაყიდვა ან გადაცემა არ იყო დაგეგმილი და არც იგეგმება. ინფორმაცია, რომელმაც ახალი ათონის მცხოვრებლებს ჩამოთვლილი ქმედებებისკენ უბიძგა, მცდარია და არ შეესაბამება სიმართლეს. აშკარაა, რომ ამ ფაბრიკაციის ავტორთა ძირითადი მიზანი პროვოკაციული პოლიტიკური აქციის განხორციელება იყო", - აღნიშნა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ბესლან კვიცინიამ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ე.წ. სახელმწიფო აგარაკის დაცვა გააძლიერეს. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი, დაცვის სამსახურის უფროსი დიმიტრი დბარი და ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუმბა.
ამავე ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, რომელსაც სავარაუდოდ, მოჰყვა საპროტესტო აქცია, თუმცა, მასში, საუბარია არა ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გაყიდვაზე, არამედ 13 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე "ათონის მთის შესასვლელთან".
უფრო ადრე ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებასაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. აღნიშნული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.
შეთანხმების" თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით გადადის. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.
დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობდა დაერწმუნებინა მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებდა მას. თუმცა, აფხაზური ოპოზიციის და საზოგადოების წარმომადგენლები მიუღებლად მიიჩნევენ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულებას.
17 ნოემბერს აფხაზმა ლიდერმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აუცილებელია "შემხვედრი ნაბიჯის გადადაიდგას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისკენ, ბიჭვინთაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემით".
ფოტო: EA Daily
მასალის გამოყენების პირობები