სოხუმი მიიღებს აფხაზური კომპანიების მიერ შეძენილ და განბაჟებულ საწვავს, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა" ჯანსუხ ნანბამ განაცხადა.
"დღეს, ჩვენი რუსი კოლეგების ინფორმაციით, გამოიცა რუსეთის ფედერაციის მთავრობის განკარგულება, რომელმაც შეცვალა მთავრობის ადრე მიღებული გადაწყვეტილება", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, რუსული მხარე ირწმუნება, რომ "როსნეფტისთვის" " აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტის ექსკლუზიური უფლების მინიჭება, რესპუბლიკაზე ნეგატიურად არ აისახება", წერს "აფსნიპრესი".
მისივე მონაცემებით, მათ მარაგში 6 ათასი ტონა საწვავი აქვთ, რაც მხოლოდ ერთი თვის სამყოფია.
2023 წლის 21 დეკემბრიდან "რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე" უმოქმედოდ დგას აფხაზური კომპანიების მიერ არა "როსნეფტისგან", არამედ სხვა კომპანიებისგან შეძენილი საწვავი. 1 იანვრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ბენზინგასამართი სადგურები მასობრივად დაიხურა. ამჟამად მხოლოდ ის ბენზინგასამართი სადგურები მუშაობენ, რომლებიც "როსნეფტისგან" ყიდულობენ საწვავს.
მიმდინარე წლის დასაწყისში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მთავრობამ განაცხადა, რომ რუსეთს მიმართავს დახმარებისთვის, "რესპუბლიკის ნავთობპროდუქტებით შეუფერხებლად მომარაგების საკითხთან დაკავშირებით".
მანამდე, "ეკონომიკის მინისტრმა" ქრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში საწვავის "იმპორტის შეზღუდვა დაკავშირებულია რუსეთის მთავრობის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან", რომელიც კომპანია "როსნეფტს" და მის შვილობილ კომპანიებს სოხუმსა და ცხინვალში ნავთობპროდუქტების "ექსპორტის" ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს. რუსული დადგენილების მოქმედების ვადა 6 თვეა.
2023 წლის ნოემბერში რუსეთის მთავრობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისთვის საექსპორტო
საბაჟო გადასახადის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა.
მასალის გამოყენების პირობები