„აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტიდან უკან გაწვევა, მხოლოდ დროებითი ღონისძიებაა. ამის შესახებ „პროსამთავრობო“ პარტია „ამცხარაში“ განაცხადეს.
მედია - კლუბ Апсны.Иахьа“ - ს პარტიის თავმჯდომარემ ლესიკ ცუგბამ უთხრა, რომ „დეპუტატები იძულებულნი გახდნენ გადაედოთ“ გადაწყვეტილების მიღება.
„ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ კანონპროექტი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ქვეყნისთვის, არამედ, პირიქით, ხელს შეუწყობს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას აღმოსავლეთ აფხაზეთში. გარდა ამისა, ქვეყნის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა განიხილოს ყველა საკამათო საკითხი და დოკუმენტის ყველა პუნქტი განიხილოს. თუმცა, ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭარბებულმა პოლიტიზებამ განაპირობა კანონის პარლამენტიდან გაწვევა. რესპუბლიკაში პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, დეპუტატები იძულებულნი გახდნენ გადაედოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი, ეკონომიკურად მომგებიანი პროექტის მიღება, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ეკონომიკურ სუვერენიტეტამდე“, - განაცხადა ლესიკ ცუგბამ.
„ეხო კაკაზას“ თანახმად, ოპოზციური ძალების და აქტივისტების ნაწილი, აპარტამანტების მშენებლობაზე, „საკანონმდებლო დონეზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვს“.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 25 ივლისს უკან
გაიწვია „აპარტამენტების“ შესახებ კანონპროექტი. დოკუმენტი გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა.
"აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანიაა. ის აქტიურად ლობირებდა მას.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “პარლამენტის“ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა “აპარტამენტების” შესახებ კანონპროექტი 17 ივლისს
მოიწონა. მისი განხილვა კანონპროექტის კრიტიკოსების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, აქციები გაიმართა სოხუმსა და ოჩამჩირეში. ბჟანიას ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის რუსეთისთვის უძრავი ქონების გადაცემის ფარული ფორმა.
ცოტა ხნის წინ, რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბჟანიამ აღნიშნა, რომ "აფხაზეთის მოქალაქეობის“ არმქონე პირებს, შეუძლით შეიძინონ ნებისმიერი კომერციული
უძრავი ქონება აფხაზეთში, შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.
ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს, გამთენიისას, მოახდინა
ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.
გასული წლის ოქტომბერში ბჟანიამ განაცხადა, რომ
ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები