ცესკოს გადაწყვეტილებით, ამომრჩევლებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში და რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ, 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ფაქტობრივ მისამართზე ექნებათ.
ოპოზიციის მიერ წარდგენილ დადგენილების პროექტზე ცესკომ გამართულ სხდომაზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
კენჭისყრამდე დადგენილების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმაც ისაუბრა.
„მე ვუერთდები კოლეგების მოწოდებებს იმის თაობაზე, რომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს ერთსულოვნება და ჩვენს ძვირფას თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან უცხოეთში, რომლებიც კანონის შესაბამისად გაივლიან სათანადო პროცედურებს ან უკვე გაიარეს- საუბარია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაზე, საუბარია საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შექმნილ შესაბამის საარჩევნო უბნებზე თუ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში რეგისტრაციის გავლაზე, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისთვის“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილების ნაწილი ამბობს, რომ ამომრჩეველთა ერთიან საარჩევნო სიაში ვერ მოხვდა. მათი განმარტებით, ისინი რეგისტრირებული არიან საქართველოს საკონსულოებში, აქვთ ქართული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა, იმ მიზეზით, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ფაქტობრივი მისამართი არ აქვთ და მათი რეგისტრაციის ადგილი აფხაზეთია, არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ეზღუდებათ.
ამასთან, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვენ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მათი მისამართი აღარ იქნება მითითებული მათი რეგისტრაციის ადგილად.
ამავე თემაზე:
ომბუდსმენი ცესკოს მოუწოდებს აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს
საგანგაშოა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები დევნილების საარჩევნო უფლება ირღვევა - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
მასალის გამოყენების პირობები