აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი. „დეპუტატის“ ერიკ რშტუნის განაცხადებით, სესია იმ მიზეზით არ შედგა, რომ საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი.
პარალელურად, ე.წ. პარლამენტის წინ, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია მიმიდინარეობდა.
სესია 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, "პარლამენტს" „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმების
რატიფიცირების საკითხი უნდა განეხილა
მოგვიანებით „პარლამენტის“ თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ აღნიშნა, რომ „ზოგიერთი დეპუტატი უარს ამბობს ასეთ პირობებში მუშაობაზე“.
იმავდროულად, აქციის მონაწილეები სხდომის გამართვას და პროექტის დამტკიცების წინააღმდეგ კენჭისყრას ითხოვდნენ.
ტელეგრამის არხები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ დილიდან ე.წ. პარლამენტის შენობასთან სამხედრო ტექნიკა, სპეციალური დანიშნულების რაზმი და საპოლიციო და ძალები იყო მობილიზებული.
ამავე ცნობით, რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებამდე, „დეპუტატებს“ მთელი ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ ე.წ. მთავრობის წევრები.
ადგილობრივი ე.წ. ოპოზიცია მასშტაბურ დემონსტრაციას აანონსებდნენ და ადგილობრივებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.
“ხელისუფლების არასათანადო ქმედებებმა, რაც გამოიხატა ჩვენი თანამებრძოლების აქტივისტების სასტიკი დაკავებით, მკვეთრად გაამწვავა ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა. ჩვენი წინადადება უცვლელი რჩება: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადოს ყველა ის მწვავე საკითხი, რომელიც ყოფს ხალხს და აღელვებს საზოგადოებას, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს. თუ ხელისუფლება ამას არ შეწყვეტს, უახლოეს დღეებში შესაძლო შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება აფხაზეთის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას და მის გარემოცვას“, - ასე მიმართა მოქალაქეებს ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა ადგურ არძინბამ.
უფრო ადრე, 11 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტის“ სხდომაზე მეორე მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“.
აფხაზური ოპოზიცია ეწინააღმდეგება აღნიშნულ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ ის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების წინაპირობაა.
ოქტომბრის ბოლოს, სოხუმმა ხელი მოაწერა მოსკოვის მიერ მოთხოვნილ კიდევ ერთ შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.
დოკუმენტის ძალაში შესვლის პროცედურა ითვალისწინებს ე.წ. პარლამენტში მის სავალდებულო რატიფიცირებას.
შეგახსენებთ, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება, მათ შორის, საინვესტიციო ხელშეკრულების დამტკიცების მოთხოვნით.
მასალის გამოყენების პირობები