აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, მათ შორის, ბაბუშარას აეროპორტში რუსეთიდან შესრულებულ პირველ საცდელ ფრენას.
მისი თქმით, 7 თებერვალს, ჩარტერული რეისი სოხუმის აეროპორტში „პრეზიდენტობის“ კანდიდატის ბადრა გუნბას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა, თუმცა აფხაზური საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია ფრენასთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტებში მითითებულმა წარწერებმა:
„ბილეთის მაგიერ ტალონზე სოხუმი წერია და არა Akua ან Sokhum, როგორც ისინი დღეს ეძახიან. ეს იმითაა გამოწვეული რომ, არსებობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ICAO, სადაც დაფიქსირებულია ზუსტად ასე, რომ ეს არის საქართველო, სოხუმი. ICAO-ს ჯერ არანაირი ნებართვა არ გაუცია, მაგრამ ელემენტარული წესები დაიცვეს და დააფიქსირეს, რომ ეს აეროპორტი მდებარეობს საქართველოში და ჰქვია სოხუმი. მხოლოდ ამად ღირდა ეს საცდელი ფრენა... ისინი არ ითვალისწინებენ, რომ როგორც აპარტამენტების გეგმა რომ განხორციელებულიყო, მოჰყვებოდა აფხაზეთში დიდი რაოდენობით რუსების ჩამოყვანა და დასახლება, ზუსტად ასევე იქნება - ამ აეროპორტის ძირითადი მომსახურე პერსონალი ჩამოდის რუსეთიდან. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ ხელშეკრულებით, რაც სოხუმმა და მოსკოვმა გააფორმა, სამხედრო აეროპორტიც“, - თქვა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
გამახარიას თქმით, სოხუმის აეროპორტი, ისევე როგორც ოჩამჩირის საზღვაო პორტი, რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის დარწმუნებულია, რომ საკითხს ყურადღებას მიაქცევს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა:
„ევროკავშირმა, ნატომ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ომი დასრულდება და ეს სამხედრო თვითმფრინავები უფრო ევროპის და ნატოს წინააღმდეგ იქნება მიმართული, ვიდრე ჩვენს წინააღმდეგ. აქ იქნება სერიოზული სამხედრო ბაზა“, - განაცხადა ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან პირველი საცდელი ფრენა
7 თებერვალს შესრულდა.
2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.
2019 წლის ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.
საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.
2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.
ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.
შეგახსენებთ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
მასალის გამოყენების პირობები