ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეების პროევროპული პროტესტი გრძელდება.
უწყვეტი აქციების 104-ე დღეს, დემონსტრანტები 18:00 საათზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და წინა თვეების მსგავსად, აქციების დროს დაკავებული ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ხელახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.

დღესაც მოქალაქეებს ხელში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ეჭირათ, სიტყვით გამომსვლელებმა კი ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები მიმოიხილეს და გააცნეს პროტესტის მონაწილეებს.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. ამ დღიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პერმანენტული პროევროპული საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველოს ევროპული მომავალი და ევროატლანტიკურ სივრცეში ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია მოსახლეობის უმრავლესობის ისტორიული არჩევანია.
მასალის გამოყენების პირობები