შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 23 პირი დააკავეს. მათ შორის 14 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, მოლდოვას, რუსეთისა და ირანის მოქალაქეები.

შსს-ს განმარტებით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტადონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 262-ე, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები