სამების ტაძარში აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 6 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ექვსი პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. მათგან ხუთი სამხედრო და ერთი მშვიდობიანი მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში მეორე დღეა მიმდინარეობს. ორ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დაესწრო.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, მუშაობის აქტიური ფაზა 2013 წლიდან დაიწყო. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 623 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 323. 2000-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
მასალის გამოყენების პირობები