ზუგდიდის მერია საჯარო სკოლებში ბოლო ზარის ღონისძიებებისთვის 31 950 ლარს გამოყოფს
ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლებში „ბოლო ზართან“ დაკავშირებული გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის 31 950 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღონისძიება მოიცავს საკონცერტო ნაწილს, შესაბამისად, შესყიდვაში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ღონისძიებისთვის სცენის მოწყობა (მიწოდება, მონტაჟი/დემონტაჟი), მისი გაფორმება ეფექტებითა და განათებებით, ასევე, გახმოვანების აპარატურით მომსახურება, გარე გამოყენების ლედ ეკრანით მომსახურება, უხმო გენერატორით მომსახურება, საპულტე კოშკის კონსტრუქციით მომსახურება, ხმისა და განათების რეჟისორის მოწვევა, ასევე, დიჯეისა და დრამერების მოწვევა. ამასთან, მას სადღესასწაულო მსვლელობის ფერადი კვამლით გაფორმებაც დაევალება.
ტენდერში წინადადებების მიღება 25-დან 28 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები 2025 წლის 19 მაისს უნდა შეასრულოს.
გასულ წელს, მერიამ ამავე ღონისძიებისთვის ჯამში 31 590 ლარი გამოყო, 2023 წელს - 24 250, ხოლო 2022 წელს - 44 480 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები