აშშ-ის საგარეო პოლიტიკის საბჭოში მიიჩნევენ, რომ რუსეთიდან გაზის
იმპორტი აშშ-საქართველოს
ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.
ამის შესახებ საბჭოს ექსპერტმა სტივენ ბლანკმა გაზეთ "კვირის
პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.
ექსპერტი ირანიდან ან რუსეთიდან გაზის იმპორტის მიზეზს ვერ ხედავს იმ
ფონზე, როცა აზერბაიჯანი საქართველოს გაზს საჭირო რაოდენობით
აწვდის.
"ეს არის პოლიტიკა, რომელსაც პირადი და არა საზოგადოებრივი სარგებელი
აქვს. ეს ძირს უთხრის საქართველოს შესაძლებლობებს, წინააღმდეგობა
გაუწიოს რუსეთს. ეს უარყოფითად აისახება აშშ-საქართველოს
ურთიერთობებზე", - აცხადებს ბლანკი.
ცნობისთვის, ირანიდან ბუნებრივი აირის შემოტანის შესახებ ინფორმაცია
მედიით გავრცელდა. აღნიშნულს ენერეგტიკის სამინისტროში გამოეხმაურნენ.
როგორც უწყებაში განმარტეს, ამ ეტაპზე ირანთან კონკრეტული შეთანხმება
არ არსებობს.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, ირანული
გაზის შემოტანის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსური ვალდებულებები
"გაზპრომთან" ექნება, რადგან გაზსადენი, რომლითაც ირანიდან
საქართველოს სომხეთის გავლით, გაზი უნდა მოეწოდოს, რუსულ კომპანიას
ეკუთვნის.
გარდა ამისა, მედიით გავრცელდა ინფორმაცია 27 დეკემბერს ციურიხში
ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და "გაზპრომის" წარმომადგენელ
ელენა ბურმისტროვას შორის გამართული შეხვედრის შესახებაც. აღნიშნულთან
დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
მასალის გამოყენების პირობები