აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ განსაკუთრებით საშიშ დამნაშავედ ცნო თამაზ აბუხბა და გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯა მას. ამის შესახებ „გენერალური პროკურატურის“ პრესსამსახური იტყობინება.
აბუხბას ბრალი ედება „განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში“. ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით ის 15 წელს სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გაატარებს.
ამავე ინფორმაციით, მკვლელობა 2022 წლის 30 მარტს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ თამაზ აბუხბას არ სურდა 215 ათასი რუბლის დაბრუნება ოჩამჩირის მკვიდრი ანრი ჩხაბელიასთვის, მისგან ადრე შეძენილი ავტომობილის, Toyota Mark II- ს სანაცვლოდ. ფულის გადაცემის საბაბით, აბუხბამ ჩხაბელია სოფელ ბასლახუბას ტყეში დაიბარა და დანით 13 ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც, ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
2022 წლის აპრილში ოჩამჩირის რაიონის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე
აღძრა 1986 წელს დაბადებული ანრი ჩხაბელიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე. 1 აპრილს, დანაშაულში ეჭვმიტანილი დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები