შვეიცარიის ფედერალური საბჭო შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ოკუპირებული უკრაინისა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოქალაქეებისთვის რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტების არაღიარების შესახებ.
საბჭო განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ შვეიცარია კრძალავს შენგენის ვიზის გაცემასა და შენგენის ზონის შიდა საზღვრის გადაკვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით. ფედერალურმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე მიიღო.
"ჩვეულებრივი პასპორტები და დიპლომატიური პასპორტები, მოაქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვები, მეზღვაურთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქნება აღიარებული", - ვკითხულობთ ფედერალური საბჭოს დოკუმენტში.
თარიღებთან დაკავშირებით განცხადებაში განმარტებულია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, დოკუმენტების არაღიარება მოხდება მათი გაცემის თარიღის შესაბამისად. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონებისთვის მითითებულია 2008 წლის 26 აგვისტო.
"ამ თარიღის შემდეგ გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ამ ორ რეგიონში ან იქ მცხოვრებ პირებზე აღარ მიიღება შენგენის ზონაში. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად. შვეიცარია ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.
მიუხედავად შეზღუდვებისა, ვიზა შეიძლება გაიცეს ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ეროვნული ინტერესების ან საერთაშორისო ვალდებულებების გამო ", - აღნიშნულია განცხადებაში.
აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა, ხოლო იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ. 2009 წელს დე ფაქტო რესპუბლიკები აღიარა ვენესუელამ და ნაურუმ, 2018 წელს კი სირიამ.
მასალის გამოყენების პირობები