აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება მოქალაქეებს დასაქმებას სთავაზობს სოხუმის აეროპორტში, რომლის ამოქმედება რუსი ინვესტორის დახმარებით იგეგმება.
აფხაზური მედიის თანახმად, თანამშრომლების დაქირავება „განათლების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტროებმა“ ერთად გამოაცხადეს.
„აეროპორტის ფუნქციონირება გულისხმობს სამუშაოს ადგილების დიდ რაოდენობას სხვადასხვა მიმართულებით და სპეციალობით, როგორც მაღალი კვალიფიკაციის, ისე სამუშაო გამოცდილების არმქონე აპლიკანტებისთვის. ყველა მათგანი შემოწმდება, რათა დადგინდეს მათი ვარგისიანობა პოზიციისთვის. მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება დამატებითი განათლებისა და პრაქტიკული სწავლების მოპოვების, ასევე კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა ზოგიერთ პოზიციაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ინვესტორმა ძველი შენობების
დემონტაჟი დაიწყო. უფრო ადრე, სოხუმში განაცხადეს, რომ ბაბუშარას აეროპორტმა ფრენები 2025 წლის 31 მარტისთვის უნდა განაახლოს, მას შემდეგ, რაც მისი რეაბილიტაცია დასრულდება.
2023 წლის სექტემბერში მედია წერდა, რომ რუსეთის უმსხვილესმა აეროპორტებმა უარი განაცხადეს სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე, რადგან ჰოლდინგებისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი ავიაკომპანიები იფრენენ არაღიარებულ რესპუბლიკაში.
სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენის შესახებ რუსეთთან „შეთანხმება“ სანკტ პეტერბურგში 2023 წლის ივნისში გაფორმდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტმა“ დოკუმენტის რატიფიცირება იმავე წლის 26 ივლისს მოახდინა. ამავე ცნობით, ბაბუშარას აეროპორტის აღდგენა 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
აფხაზური მედია წერდა, რომ ინვესტორად გამოდის რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element , რომელთა კომპანიები აკონტროლებენ ან შედიან რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში.
2023 წლის ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.
2019 წლის ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.
საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.
2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.
ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
მასალის გამოყენების პირობები