საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება უკანასკნელ დღეებში მედიით, სოციალურ ქსელებით, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უცნობი პირები ამომრჩევლებს,
მუქარით, დაშინებით, ძალადობით ან/და სხვა უკანონო გზებით ართმევენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებს.
ომბუდსმენი საკუთარ ვებ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, მათ შორის მოტყუებით, ძალადობით თუ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის სისხლის სამართლის დანაშაული.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების შესაბამისად, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების საფუძველზე დაიწყონ გამოძიება.
ამავე ინფორმაციით, ომბუდსმენი გამოხატავს მზაობას, მანდატის ფარგლებში დაეხმაროს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც მსგავსი ფორმით ჩამოართვეს საქართველოს პირადობის მოწმობა.
უწყების ცნობით, მსგავს შემთხვევებში მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ აპარატს ცხელ ხაზზე - 1481.
ინფორმაციისთვის, ორგანიზაცია
"სამართლიანი არჩევნების" განმარტებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ზუგდიდში, მმართველი პარტიის აქტივისტები ამომრჩეველთა ნაწილს სთხოვენ პირადობების დროებით მათთვის გადაცემას, ასევე ხმების სანაცვლოდ, ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს ან სთავაზობენ მომსახურების გაწევას.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" კი აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულებს და სოციალურად დაუცველებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ. მათივე ცნობით, აღნიშნულ ქმედებას, სავარაუდოდ, აქვს მასშტაბური ხასიათი და მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდშიც.
მასალის გამოყენების პირობები