აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ „სირიაში აფხაზეთის საელჩო“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ე.წ. ელჩი მუჰამედ ალი ადგილზე იმყოფება, ხოლო ერთ-ერთი თანამშრომელი ევაკუირებულია მოსკოვში.
“დიახ, აფხაზეთის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი ევაკუირებულია მოსკოვში და ბრუნდება აფხაზეთში. აფხაზეთის საელჩო აგრძელებს მუშაობას, ის გადავიდა ახალი ხელისუფლების მფარველობის ქვეშ. სირიის ელჩი აფხაზეთში, მუჰამედ ალი ადგილზეა, ყოველდღიურად კომუნიკაციაშია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან,” – ამის შესახებ შამბამ რუსულ
TASS - თან განაცხადა.
მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, რომ 15 დეკემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო-კოსმოსური ძალების სპეციალურმა რეისმა დამასკოში, ხმეიმიმის ავიაბაზიდან, რუსეთის საგარეოს მისიის პერსონალის ნაწილი ჩკალოვსკის აეროპორტში გადაიყვანა.
აქვე აღნიშნულია, რომ “ევაკუირებული იყვნენ ბელარუსის, ჩრდილოეთ კორეისა და აფხაზეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომლები. დამასკოში რუსეთის საელჩოს მუშაობა გრძელდება”.
ანტისამთავრობო სირიულმა ჯგუფებმა, მათ შორის, ისლამისტებმა, 8 დეკემბერს დამასკის ოკუპაცია მოახერხეს. ბაშარ ასადმა სირია დატოვა. მოსკოვში განაცხადეს, რომ ის რუსეთში იმყოფებოდა.
რუსეთის მოკავშირე სირიის ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა.
2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკში "აფხაზეთის საელჩო" გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები