საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში მიმდინარე აქციას შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მოხარულია, რომ რეგიონულ ტურნეს სწორედ ზუგდიდიდან იწყებს, რადგან ზუგდიდი არის ის ადგილი, რომელიც ყველაზე ახლოსაა ევროპასთან.
„თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები და ჩვენი გზა ევროპისკენ იწყება იქ, სადაც ჩვენ ახლა გაჩერებული ვართ, ანაკლიიდან და ძალიან ახლოს არის შავი ზღვის მეორე მხარე - ევროპა, რომელსაც ჩვენ უთუოდ შევუერთდებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლა დაიწყო სამძიმრის სიტყვებით და კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ტრაგედიამ უჩვენა ის ერთობა, რაც დიდი ხანია არ ყოფილა ქართველებსა და აფხაზებს შორის.
„სწორედ ეს არის, ის, რასაც ებრძვის რუსეთი და რასაც ებრძოდა სულ მუდამ და რაშიაც დამარცხდება რუსეთი. იმიტომ, რომ ჩვენი ერთობა მაინც უფრო ძლიერი აღმოჩნდება. ეს ისტორიულად იყო რუსეთის მიზანი, რომ „დაყავი და იბატონე“ და ის ეცადა ყველანაირად და ეს შეეხო ასევე სამეგრელოს და ამიტომ არის, რომ დღემდე, განათლებული ადამიანები არა, ბოლომდე ვერ ეგუებიან იმას, რომ მეგრული ენა უნდა იყოს დაცული, რომ ეს არის ჩვენი საგანძური, რომ სვანური ენა უნდა იყოს დაცული, რომ ეს არის ჩვენი საგანძური და აქ არანაირის საფრთხე არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენი ძალიან დიდი მრავალფეროვნებით, რომელიც არის ჩვენი სიძლიერე, ჩვენი წარსული და ჩვენი მომავალი“, - აღნიშნა საქართველოს მე - 5 პრეზიდენტმა.
თუმცა, მისი თქმით, რუსეთი ცდილობს ამ რუსული რეჟიმის ხელით, შემოიტანოს ეს დაპირისპირება. მაგრამ, მისივე თქმით, დღეს არ არსებობს ორი მხარე, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება, მაგრამ არსებობენ ცალკეული ადამიანები, „რომლებიც იცავენ ამ რეჟიმს და რეჟიმის დაცვისთვის მიდიან, უსასტიკეს ზომებზე“.
ამ კონტექსტში, მან ახსენა სასამართლო პროცესები, რომლებიც მეორე დღეა იმართება თბილისში. მისი თქმით, ეს ახალგაზრდები, სრულიად უდანაშაულონი არიან და ისინი გათავისუფლდებიან, როგორც კი ქვეყანა გათავისუფლდება. ამისთვის, პროტესტთან ერთად, საჭიროა ხელახალი არჩევნებისთვის მზადება.
„არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ და ამაშიც მზად ვარ დაგეხმაროთ. საჭიროა თქვენი ძალები გამოჩნდეს ქვეყანაში, რომ იცოდეთ ვინ ხართ და სად ხართ, რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს, თუ არ მოგწონთ, ჩამოაყალიბეთ! თქვენი ჯერი მოვიდა! - მიმართა მან შეკრებილებს. მისი თქმით, ახლა საჭიროა ახალი პარტიები ჩამოყალიბდეს, რომელიც იმ საქართველოს ასახავს, რომელიც „დღეს იბადება“.
„საზოგადოებას უნდა მშვიდობიანი გამოსავალი ამ უდიდესი კრიზისიდან, ეს გამოსავალი არის თავისუფალი არჩევნები, ამას ითხოვდნენ ჩვენი მეგობრები გარეთ, ამას ვითხოვთ ჩვენ და ამას მივაღწევთ. მაგრამ იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, არ არის საკმარისი ვიძახოთ არჩევნები, არჩევნები. არჩევნებს უნდა მზადება ყველა მხრივ და ამაშიც მზად ვარ დაგეხმაროთ. საჭიროა თქვენი ძალები გამოჩნდეს ქვეყანაში, რომ იცოდეთ ვინ ხართ და სად ხართ, რომ შემდეგ არჩევნებზე აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ ეს პარტია არ მომწონს, ის პარტია არ მომწონს, თუ არ მოგწონთ ჩამოაყალიბეთ, თქვენი ჯერი მოვიდა. იმ პარტიებსაც თავიანთი ადგილი ექნებათ. მრავალფეროვნება ამ ქვეყნის სიძლიერეა, მაგრამ ახალი პარტიები ნამდვილად საჭიროა, რომელიც ასახავს იმ ახალ საქართველოს, რომელიც დღეს იბადება. საჭიროა მზადყოფნა - დამკვირვებლები. ეს არ უნდა იყოს გადადებული ხვალინდელი დღისთვის, ეს გუშინ უნდა დაწყებულიყო. კარგია დგომა, კიდევ უფრო კარგია მომზადება იმისთვის, რაც ჩვენ გვჭირდება ხვალინდელი დღისთვის“, - თქვა ზურაბიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნებისთვის პირადად მუშაობს რომ გვქონდეს მინიმალური პირობები თავისუფალი და დაცული არჩევნების ჩასატარებლად და მხოლოდ ასე გავალთ ჩვენ სამშვიდობოს.
მისი თქმით, ამ ქვეყნისთვის და ამ რეგიონში, სხვა გზა არ არის, თუ გვინდა ჩვენ მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია.
„ეს არის არჩევნები, კარგად მომზადებული არჩევნები, რომელსაც დავიცავთ ბოლომდე, ისიც ვიცით კარგად, რომ წინა არჩევნები არამხოლოდ გააყალბეს ისეთი დახვეწილი მეთოდებით, რომელიც მხოლოდ ქვეყნის გარეთ შეიძლება იყოს მოფიქრებული, მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენ არ მოვემზადეთ ისე როგორც საჭირო იყო, იმიტომ რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ვიყავით მეტნი - რაც სწორია და დარწმუნებული ვიყავით, რომ გავიმარჯვებდით. ახლა დარწმუნებულიც უნდა ვიყოთ და მომზადებულიც. ეს არის ჩვენი, თქვენი და ჩემი მოვალეობა, ამ მშვიდობიან ბრძოლაში ვართ ერთად და ნამდვილად გავიმარჯვებთ ყველანი ერთად“,- განაცხადა საქართველოს მე -5 პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს და ჩვენს ხალხს, არასოდეს ჰყოლია ამდენი მეგობარი ევროპასა და ამერიკაში და შეკრებილებს დაჰპირდა, რომ ბოლომდე ჩართული იქნება ყველა იმ ძალისხმევით, რაც შეუძლია ამ ქვეყნისთვის.
„იქ, დღეს, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებსაც საქართველოზე გული შესტკივათ და რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, იმაზე მეტსაც ვიდრე, ვთხოვთ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მომავალი დაიცვან იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრდილოელი არამეგობრისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას ამდენი მეგობარი გინდათ, ევროპაში და გინდათ, ამერიკაში. ეს არის ჩვენი ძალა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მეგობრები იმიტომ გვყავს და არიან ასეთი აქტიურები დღეს, იმიტომ, რომ თქვენ დგახართ, სადაც დგახართ. ეს მრავალფეროვანი პროტესტი რომ არ იყოს ყველა ქალაქში, საზოგადოების ყველა სეგმენტი, რომელიც არის ჩართული, მაშინ ისინიც არ იგრძნობდნენ თავიანთ იმ ვალდებულებას, რომ რაღაც ფორმით დაგვეხმარონ, როგორც მათ შეუძლიათ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
დღევანდელ აქციაზე, სწორედ სალომე ზურაბიშვილი იყო მთავარი სპიკერი. მისი გამოსვლის შემდეგ, შესრულდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები.
ბოლოს კი საქართველოს მე - 5 პრეზიდენტი ზუგდიდის ქუჩებში დემონსტრანტების მსვლელობას შეუერთდა, რა დროსაც, რამდენიმე წუთით გაჩერდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ძეგლთან.
სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგო მის ხსოვნას და ყვავილებით შეამკო ძეგლი.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში საპროტესტო აქცია დაიწყო (ფოტო)
11 იანვარს სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდის აქციას შეუერთდება - სამოქალაქო სოლიდარობის ფონდისალომე ზურაბიშვილს ზუგდიდში იწვევენ„ვიღებ მოწვევას“, - სალომე ზურაბიშვილი სამოქალაქო სოლიდარობის ფონდს პასუხობს
მასალის გამოყენების პირობები