ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პარტია "დროას" რეგიონული წარმომადგენლისა და აქტივისტის მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ აქტივისტი პიროტექნიკის გამოყენების ორ, ხოლო ბალაკლავას ტარების
ექვს ეპიზოდშივე სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000 ლარი დააკისრა.
ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით დააჯარიმეს, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ ირაკლი აბშილავამ გამოაცხადა და ჯარიმის საფუძველზე, აქტივისტი სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.
"თავისუფლება რეჟიმის ყველა უკანონო ტყვეს, თავისუფლება ზუგდიდელ ლუკა ჯაბუას, არ იქნება არ ქვეყანაში სამართალი, არ იქნება მშვიდობა", - თქვა სიჭინავამ პროცესის დასრულებისას.
მისი თქმით, ის არ აღიარებს არალეგიტიმური მთავრობის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ხელმოწერილ, არაკონსტიტუციურ კანონებს და არ აპირებს აღსრულების ნაწილშიც დაემორჩილოს მას და არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას.
აქტივისტის ადვოკატმა რონალდ შონიამ, მასალების სრულად გადმოცემისთვის და ფაქტობრივი გარემოებების გაცნობისთვის, სხდომის ერთი კვირის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. გარდა ამისა, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა. მან მხოლოდ 15 წუთიანი შესვენება გამოაცხადა, რათა საქმის მასალებს ადგილზე გასცნობოდა დაცვის მხარე.
"თავისუფლება ირაკლი აბშილავას, თქვენ ხართ უსამართლო, კლანური სასამართლოს წარმომადგენელი", - თქვა პროცესზე სიჭინავამ.
ამასთან, სხდომაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ 13 იანვარს გადაღებული გადაღებული კადრები, რომელზეც პიროტექნიკის გასროლა ჩანდა. თუმცა, აქტივისტმა თქვა, რომ ე.წ ფეიერვერკის გამოყენების დროს აქცია არ იყო დაწყებული და არ არღვევდა კანონს.
გარდა ამისა, სხდომისგან, სხვადასხვა შეძახილის გამო, გააძევეს სამი ადამიანი.
ცნობისთვის, ზუგდიდში, აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ სიჭინავა, 13 იანვარს, საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების გამო დააკავეს და სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
14 იანვარს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროევროპული აქციის მონაწილეების, ცაბუნია ვართაგავასა და კერენ ესებუას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობად 2000-2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ამავე თემაზე:
მარიამ სიჭინავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი - ადვოკატი
ზუგდიდში, აქციის მსვლელობისას, „დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქციის მონაწილეები ბალაკლავას ტარებისთვის დააჯარიმა
მასალის გამოყენების პირობები