ოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას ახალ ხელისუფლებას, რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მიმართავს.
ამის შესახებ განცხადება ნიკა გვარამიამ, ბადრი ჯაფარიძემ და თინა ბოკუჩავამ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს.
“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, შესაბამისი წერილი სირიის ახალ ხელისუფლებასთან უკვე გაგზავნეს.
„მის აღმატებულებას, სირიის სახელმწიფოს მეთაურსა და სირიის დიად ხალხს,
თქვენო აღმატებულებავ,
ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვულოცავთ სირიის ხალხს ბაშარ ალ-ასადის სასტიკი დიქტატურის თქვენი ხელმძღვანელობით დამხობას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის.
ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა. 2018 წელს დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმაც, რუსეთის მიერ მისი სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღნიშნული რეგიონები.
სირიელ და ქართველ ხალხს ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ათასწლოვანი ისტორია აკავშირებს. ჩვენს ერებს აქვთ ყველა საშუალება, რათა განავითარონ მართლაც ძმური და ნაყოფიერი ურთიერთობები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ კონტექსტში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებდა. თქვენო აღმატებულებავ, გვსურს, დაგიდასტუროთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – „კოალიცია ცვლილებისთვის“; თინათინ ბოკუჩავა – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“,; ირაკლი კუპრაძე – „ძლიერი საქართველო“; ბერდია სიჭინავა – „გახარია – საქართველოსათვის“.
ცნობისთვის, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
მასალის გამოყენების პირობები