ზუგდიდის საკრებულოში დღევანდელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. დღის წესრიგით განსაზღვრული ათი საკითხიდან, საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი ცხრას დაუჭირა, ხოლო ხმაური მოჰყვა მეათე საკითხის, 2024 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩენილი ნაშთის, 5 368 300 ლარის, 2025 წლის ბიუჯეტში ასახვის განხილვას. კვორუმის არარსებობის გამო, საკითხი ჩავარდა. მას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 5, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმების რაოდენობა 23-ს შეადგენს.
საკრებულოს სხდომას წინ უსწრებდა, ცალკეულ მედიასაშუალებებში ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „ოპოზიციური საკრებულო უკვე მერამდენე დღეა, ვიწრო პარტიული ინტერესების გამო, მნიშვნელოვან ფინანსურ ტრანზაქციებს აფერხებს“.
პასუხად, წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე თქვეს, რომ მერიისგან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვეს, თუ რა მიზეზებით ვერ მოხერხდა ბიუჯეტის ათვისება, რის შესახებაც, მათი განმარტებით, დოკუმენტაცია დღემდე არ მიუღიათ.
ფრაქცია „ახალის“ თავმჯდომარე მაია კალანდია აღნიშნავს, რომ მერის ეს განცხადება არის ოპოზიციონერ დეპუტატებზე თავდასხმა და გაუნაწილებელი ნაშთი, შესაძლოა, არასწორად გახარჯული თანხა იყოს, რომელიც, მისი თქმით, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას და შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენას საჭიროებს.
„რამდენიმე დღეა მიმდინარეობს ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ახალის“ და ოპოზიციონერი წარმომადგენლების მიმართ, ზუგდიდის მერიისგან თავდასხმები, რომ ჩვენ საბოტაჟს ვუკეთებთ ჩვენს მოსახლეობას იმიტომ, რომ არ მოვდივართ საკრებულოში. ეს ასე არ არის. იმ საკითხებთან დაკავშირებით, ძირითადად, ეს იყო შარშანდელი, 2024 წლის ბიუჯეტში 5 მილიონ ნახევრის ნაშთის შესახებ შეკითხვებზე, ჩვენ მერიაში შეკითხვები გავაგზავნეთ და პასუხები ვერ მივიღეთ. მხოლოდ გამოგვიგზავნეს ის შეტყობინება, რომ თებერვლის ბოლოს ისინი წარმოადგენდნენ სამსახურების ანგარიშს და ახლა კენჭი უყარეთო. ჩვენ არ ვიცით, რატომ დარჩა 5 328 000 ლარი ნაშთი შარშან და რატომ გადმოვიდა ის წელს. სავარაუდოდ, ეს არის არასწორად გახარჯული თანხა, სადაც ეჭვები შეიძლება წავიდეს და შეიძლება, სამართლებრივი დარღვევებიც იყოს, თუ ეს არის კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რომელიც მერიამ ვერ აითვისა. ამაზე პასუხი არ გვაქვს, ამხელა თანხა რომ განვიხილო, გვჭირდება სპეციალისტების დახმარებაც. ჩვენ ვითვალისწინებთ მოსახლეობის ინტერესს და ვითხოვთ შესაბამის დოკუმენტს“, - თქვა კალანდიამ.
მსგავსად, სხვა დეპუტატებისა, "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ბელა მოსიამაც განმარტა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით, არსებობს შეკითხვები, რასაც, მისის თქმით, სჭირდება დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც მათთვის არ არის საჯარო.
„ჩვენ არასდროს არ ვიქნებით იმ პროცესების შემაფერხებელი, რომელიც აზიანებს მუნიციპალურ ინტერესებს. ყოველთვის დავდგებით პირადზე მაღლა, თუმცა არსებობს კითხვები, არამარტო ხელშეკრულებებზე არ არის საუბარი, ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული, ამას აქვს დამატებითი კითხვები და პასუხები, რომლებიც არის დოკუმენტურად და საუბარია მათ წარმოდგენაზე“, - განმარტა სხდომაზე მოსიამ.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრების თქმით, აღნიშნული მასალა ყველასთვის ხელმისაწვდომია. როგორც ისინი ამბობენ, მეტი საჯაროობისთვის, დღევანდელ სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეტალურად განმარტა, რატომ დარჩა გაუნაწილებელი თანხა და რას უნდა მოხმარდეს ის.
„ასეულობით ოჯახი, სხვადასხვა პროექტის შემსრულებლები, ნამუშევარი ოჯახები ელოდება ამ ნაშთის ჩარიცხვას, რომელიც უნდა წავიდეს იმ ოჯახებში, რომლებიც იმ ქუჩებს აკეთებდნენ და სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ, მაგრამ ხედავთ, რომ ოპოზიციას ყოველ ჯერზე უჩნდება დამატებითი კითხვები, რომელიც არის დემაგოგიისთვის, თორემ ძალიან დეტალურად ახსნა ზედამხედველობის უფროსმა თუ საიდან გაჩნდა და სად წავიდა ეს თანხა, მაგრამ მორიგ ჯერზეც ჩააგდეს საკითხი.
რასაც ითხოვდნენ, ეს ზეპირსიტყვიერად განუმარტეს მას და რაც განუმარტა იმას წერილობით უტოვებს ოპოზიციას, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ესენი დაკმაყოფილდებიან და თანხებს ბიუჯეტში ასახავენ. ხალხი ხელფასს ვერ იღებს, მერიის კონტრაქტორი კომპანიები ხელფასს ვერ გასცემენ თავიანთი თანამშრომლებისთვის“, - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, ოთო ქადარიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გიგა მელიას მტკიცებით, მუნიციპალიტეტში მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს და გონივრულია, რომ გარდამავალი ნაშთი წარმოიშვა.
„მე ცალკეული დეპუტატების განწყობაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა განწყობა იყო ის, რა შედეგადაც დასრულდა საკრებულოს სხდომა, რაც შეეხება იმ ინფორმაცია,ს რის წარმოდგენასაც ითხოვენ, სრულად საჯარო ინფორმაციაა, არცერთი დეტალი ამ ინფორმაციაში არ არის მათთვის ან ნებისმიერი სხვა მოქალაქისთვის, ხელმიუწვდომელი,სრულად ეს ინფორმაცია არის საჯარო, დამატებით, მარტივი აღქმისათვის, ჩვენი მხრიდან გაკეთდა კომენტირება , ჩაშლა, თითოეულ დეტალზე, თუ რატომ მოხდა აი ამ ნაშთების მიღება იმ სახით, რა სახითაც გვაქვს. ბუნებრივია, ცოცხალ ორგანიზმში, ანუ ბიუჯეტში, სამშენებლო პროცესებისას წარმოიშობა აღნიშნული და შესაბამისად, ამის განმარტება, ყოველთვის შეიძლება“, - დასძინა მელიამ.
ცნობისთვის, 26 დეკემბერს, ზუგდიდში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მისი მოცულობა 70 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა და მას მხარი "ქართული ოცნების", "ახალის" და "საქართველოსთვის" წევრებმა დაუჭირეს. სხდომას არ ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები, რომლებმაც წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცების საკითხზე ბრიფინგი გამართეს და აღნიშნეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ ასახავს ზუგდიდელების ინტერესს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის საკრებულოში ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცეს - ოპოზიციონერი დეპუტატების გამოხმაურებები
ენმ - ში აცხადებენ, რომ პარტიას არ წარმოადგენენ მათი წევრები, რომლებმაც ჩხოროწყუს საკრებულოში ბიუჯეტს დაუჭირეს მხარი
ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო "ახალის" წევრები პარტიას ტოვებენ
მასალის გამოყენების პირობები