აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებას, სოხუმის აეროპორტში რუსული ავიაკომპანიების რეგულარული ფრენების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით.
აფხაზურმა "საგარეო უწყებამ“ საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა.
"ქართველი პოლიტიკოსების ბოლო განცხადებების ფონზე მათი მზადყოფნა აფხაზეთის რესპუბლიკასთან და სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის განცხადებების ფონზე, რომ "საქართველოს მოუწევს ბოდიში მოიხადოს ოსური მხარის მიმართ 2008 წლისთვის," აფხაზეთის რესპუბლიკა ელოდა პრაგმატული ურთიერთქმედების დაწყებას ამიერკავკასიაში განვითარებული რეალობის აღიარებით. თუმცა, ურთიერთობების მოგვარებისკენ მიმართული პრაგმატული მიდგომის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს სტერეოტიპული, პოლიტიკურად მიკერძოებული და რეალობისგან მოწყვეტილი განცხადებების გაკეთებას, რაც მხოლოდ დამატებით დაძაბულობას ქმნის. საქართველოს ხელისუფლების ბოლო თავდასხმები არის შეუქცევადი პროცესების შეფერხების მცდელობა," - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) და მოითხოვა, რომ აიკრძალოს რუსული ავიაკომპანიების ფრენა სოხუმის აეროპორტში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კომენტარი სააგენტო
bm.ge-მ გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონო იყო და რომ ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებდა ფრენებს აფხაზეთში, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“.
თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“ სარგებლობს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის მიმართულებით რეგულარული ფრენები მიმდინარე წლის
მაისში დაიწყება.
ცნობისთვის, 7 თებერვალს სოხუმის აეროპორტმა პირველის სატესტო რეისი მიიღო მოსკოვიდან, რომელიც ავიაკომპანია „UVT Aero“-მ განახორციელა.
2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.
2019 წლის ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.
საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.
2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.
ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.
შეგახსენებთ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.
მასალის გამოყენების პირობები