ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა, მხარეებმა მისი რატიფიკაციის დოკუმენტები გაცვალეს, იტყობინება ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს Telegram არხი.
25 აპრილს შესაბამის დოკუმენტს სოხუმში ხელი მოაწერეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა და რუსეთის ფედერაციის „საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აფხაზეთის რესპუბლიკაში“ მიხაილ
შურგალინმა.
ამავე ცნობით, შეთანხმება ძალაში შედის რატიფიკაციის ინსტრუმენტების გაცვლის დღიდანვე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "კანონს" რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის
"ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შეთანხმების რატიფიცირების შესახებ", 2023 წლის ივლისში მოაწერა ხელი.
საუბარია შეთანხმებაზე, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელმა "საგარეო საქმეთა მინისტრმა" ინალ არძინბამ მოსკოვში 2022 წლის 27 სექტემბერს მოაწერეს ხელი. სოხუმმა ის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებით 2022 წლის 30 დეკემბერს, ხოლო რუსეთმა - ფედერალური კრების გადაწყვეტილებით 2023 წლის 10 ივლისს დაამტკიცეს.
შეთანხმების თანახმად, რომლის პროექტი 2022 წლის მარტში მომზადდა, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შეუძლიათ "აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებსაც 2008 წლის 26 აგვისტომდე ჰქონდათ მოქალაქეობა, განაცხადის მიღების დღეს არ დაუკარგავთ ის და მიაღწიეს სრულწლოვანებას".
მასში ასევე ნათქვამია, რომ "ორმაგი მოქალაქეობის" მქონე პირები სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლებისა და ჯანდაცვის უფლებებით იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის არჩეული „პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა 5 მარტს კრემლში მიიღო.
გუნბამ პუტინთან შეხვედრაზე ორმაგი მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტის საკითხი დააყენა.
პუტინი მას დაჰპირდა, რომ პროგრამა გაგრძელდება და შესაბამისი საკითხები „გადაიხედება“.
რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 243 ათასი ადამიანიდან 130 ათასზე მეტს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.
2025 წლის 1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც მოსკოვის ფავორიტმა, ბადრა გუნბამ გაიმარჯვა.
დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, მან ხმების 54,73%, ხოლო მისმა მეტოქემ, ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ - 41,54%.
2 მარტს პუტინმა გუნბას გამარჯვება მიულოცა.
ვადამდელი „საპრეზიდეტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. პასუხად, მაშინ მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა დაფინანსება.
მასალის გამოყენების პირობები