რუსეთი ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი აღარ არის, - ამის შესახებ რადიო "თავისუფლების" ცნობით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული.
"ევროკავშირმა უნდა გააკეთოს უფრო მეტი, რათა შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიულ და განსხვავებულ პოლიტიკას", - აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც 494-მა ევროპარლამენტმა დაუჭირა მხარი, 135 კი წინააღმდეგ გამოვიდა.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს შეიმუშავოს რუსეთთან და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის სამომავლო სტრატეგია. ამასთან დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირმა უნდა დახარჯოს უფრო მეტი იმისათვის, რათა რუსულ პროპაგანდასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას წინააღმდეგობა გაუწიოს და რუსეთში დამოუკიდებელ მოქალაქეთა ჯგუფებს დაეხმაროს.
ევროპარლამენტის წევრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და უკრაინაში აგრესიული ქმედებების გაგრძელებამ ევროპასა და რუსეთს შორის კავშირები ჩიხში შეიყვანა. მისივე განცხადებით, ახლა მოსკოვზეა დამოკიდებული თუ რომელ გზას აირჩევს - თანამშრომლობის თუ იზოლაციის გაღრმავების.
ევროკავშირის ლიდერები 25-26 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე რუსეთთან დაკავშირებით ბლოკის პოლიტიკის შესახებ იმსჯელებენ.
მასალის გამოყენების პირობები