რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს მოხდა საქართველოში 2008 წლის ომის დროს და დღეს, როგორც არასდროს, მშვიდობასა და დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს. მისი განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის პერიოდში, მოსკოვიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების ე.წ. მთავრობებზე წნეხი გაიზარდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც სალომე ზურაბიშვილმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. შეხვედრა 6 მარტს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 67-ე სესიის ფარგლებში შედგა.
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში შეხვდა შვეიცარიის პრეზიდენტ ალან ბერსესაც. მათ ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. შვეიცარია საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლს ასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები