საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოცემულობით პური არ უნდა გაძვირდეს."პურის რეგლამენტი სხვა პროცესია, მაგრამ ფქვილის რეგლამენტი ამის წინა საფეხურია. როცა რძის რეგლამენტი დავნერგეთ, ვითარება, ფაქტობრივად, 1 კვირაში შეიცვალა და დახლებზე ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია მივიღეთ. პურის თაობაზე კი ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს. პურის რეგლამენტზე მუშაობა გასულ კვირას დასრულდა. დეტალებზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა შემიძლია ზოგადად გითხრათ, რომ ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რომელი ხარისხის ფქვილისგან არის გამომცხვარი პური, ხოლო პურის შიგთავსი სრულად უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ შემადგენლობას", - განაცხადა დანელიამ.
მისივე თქმით, არსებობს სტანდარტი, რომლის თანახმადაც, კონკრეტული წარმადობის პირობებში, მეწარმემ განსაზღვრული რაოდენობის პური უნდა გამოაცხოს. მინისტრმა აღნიშნა, რომ პურს სჭირდება სწორი მიდგომა, რომ ყველა ის პროცესი, რომელიც გათვალისწინებულია რეგლამენტით, იყოს ზედმიწევნით დაცული და მისი ხარისხი ეტიკეტს შეესაბამებოდეს. "არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს მოუწევთ ან ამ პირობების დაკმაყოფილება, ან ბაზრიდან გასვლა", - დასძინა დანელიამ.
მასალის გამოყენების პირობები