ფოთის მერის კაბინეტისთვის 4 939 ლარის ღირებულების ტელევიზორია შეძენლი, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ამის შესახებ "ნაციონალური" მოძრაობის წარმომადგენლები საუბრობენ. მათი თქმით, როცა ქვეყანაში და მათ შორის ფოთში მძიმე სოციალური ფონია, პრემიერ-მინისტრი "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკას აცხადებს, მუნიციპალიტეტის ეს ქმედება გაუმართლებელია.
"ერთჯერადი მატერიალური დახმარება მოხსნეს, ქალაქში არაფერი არ კეთდება, მთავრობა კომფორტისთვის ზრუნავს, ამ კონკრეტულ ფაქტს დადებითად ვერ შევაფასებთ",- აცხადებენ ჟურნალისტებთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
საპასუხო განცახდებას აკეთებენ ფოთის მერიაში. იქ ირწმუნებიან, რომ ტელევიზორი მანამდეა შეძენილი, ვიდრე მთავრობა "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკაზე გადავიდოდა.
"ამ ტელევიზორის დანიშნულება არის მხოლოდ ის, რომ მერმა თათბირებისა და სტუმრების მიღების დროს, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით პრეზენტაციები გააკეთოს. ეს არის საინფორმაციო დანიშნულების შენაძენი და არა კომფორტისთვის, მისი მონაცემებით არ არის ეს ძვირი",- აცხადებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად შუბითიძე.
მასალის გამოყენების პირობები