ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ანტიკორუფციული კომისიის შექმნაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. პარტიის ზუგდიდის ოფისის პოლიტიკური მდივნის თეიმურაზ ბასილაიას თქმით, კომისია 12-15 ადამიანისგან დაკომპლექტდება და ის დროებით პარტიის შტაბში განთავსდება. მისი თქმით, კომისია ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში კორუფციული სქემებისა და ნეპოტიზმის ფაქტების გამოვლენაზე იმუშავებს. კომისიის წევრების ვინაობა ამ ეტაპზე არ სახელდება.
"25-მდე კანდიდატი გვყავს. წევრებზე საბოლოოდ კვირის ბოლომდე შევჯერდებით. კომისიაში ძირითადად ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში უშუალოდ არ იყვნენ ჩართულები. ასევე, ექსპერტები და სპეციალისტები ეკონომიკის სფეროში, იურისტები, ფინანსისტები და სხვა. კომისია თვითმმართველობის ყველა რგოლს გააკონტროლებს. ასევე, მინდა ვთქვა, რომ კომისია იქნება დამოუკიდებელი და ის თავისუფალი იქნება პოლიტიკური ზეწოლისაგან", - თქვა თეიმურაზ ბასილაიამ.
"ნაციონალური მოძრაობა" ანტიკორუფციული კომისიის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები