ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში სხვადასხვა პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, ხოლო გამარჯვებულად ჩინური კომპანიის
გამოცხადებას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დიალოგი და ზუსტდება მნიშვნელოვანი დეტალები.
"რაც შეეხება ინვესტორის საკითხს, ამაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს მუდმივი დიალოგი, მეც უშუალოდ. მათ აქვთ სრული ინფორმაცია. იცით, რომ კონსორციუმის ერთ კომპანიაზე იყო საუბარი, ჩვენ გვყავს მეორე კომპანია, ასევე, რამდენიმე ქვეკონტრაქტორი. აგრეთვე მოიაზრება რამდენიმე მნიშვნელოვანი მაღალი რეპუტაციის, მათ შორის ჩინური საერთაშორისო გადამზიდავი ხაზის ჩართულობა. ზოგადად, ეს იქნება კომპლექსური ეკოსისტემა, ბევრი პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმი ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, რათა ამ პორტის მაქსიმალურად ხარისხიანი განვითარება მივიღოთ და მაქსიმალურად გვქონდეს გათვალისწინებული საქართველოს სტრატეგიული, კომერციული ინტერესები. ამიტომ, ეს პროცესიც მიმდინარეობს მაქსიმალური პასუხისმგებლობით" - განმარტავს მინისტრი.
რაც შეეხება მშენებლობის პროცესსა და პორტის პროექტირებას, დავითაშვილი ამბობს, რომ ამისთვის ბელგიური საერთაშორისო საინჟინრო კომპანიაა აყვანილი, რომელიც სამშენებლო ნაწილში სახელმწიფოს კონსულტანტია.
ინფორმაციისთვის,
29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი უახლოეს დღეებში გამოცხადდებოდა. სამინისტრომ წინადადებები მხოლოდ ჩინური კომპანიისგან მიიღო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის
განცხადებით, შერჩეული ჩინური კონსორციუმია ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კონსორციუმს აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.
ანაკლიის პორტის სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენების გადაწყვეტილება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
2022 წლის დეკემბერში მიიღო.
პროექტის პარტნიორის შერჩევის ეტაპი შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურ-სინგაპურულმა კომპანიებმა წარმატებით
გაიარეს.თავდაპირველად, პორტი ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა
აეშენებინა, პირველი გემები კი 2020 წლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა, სახელმწიფომ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის
50 მლნ ლარია გამოყოფილი.
მასალის გამოყენების პირობები